სიახლეები

„საქართველოს მოქალაქეები - ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“

2018 წლის 30 მარტს, 12:30 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №858).

მოსარჩელეები სადავოდ ხდიან ნორმებს, რომლებიც ადგენს დასაქმებულისათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, აგრეთვე ბავშვის შვილად აყვანის გამო შვებულების მიცემის წესს, ანაზღაურებადი შვებულების ოდენობასა და შვებულების ანაზღაურების პროცედურას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე, მამაკაცები მოკლებულნი არიან ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობისა და ამგვარი შვებულების ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას(საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი), შრომით უფლებებს (საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები), ქორწინებისა (საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი) და ოჯახის კეთილდღეობის (საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი) უფლებებს.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი:

ა) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 28-ე, 29-ე მუხლების, „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანების N1 დანართის მე-6 მუხლის პირველი წინადადების, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანების N1 დანართის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით;

ბ) საქართველოს მოქალაქეების გივი კაპანაძისა და ლაშა ჩალაძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში ასევე - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის, „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანების N1 დანართის მე-6 მუხლის პირველი წინადადების, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანების N1 დანართის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, 36-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.