სიახლეები
„საქართველოს მოქალაქეები - ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლმენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1265 და №1318)
2018 წლის 20 ივნისს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1265 და №1318).
№1265 და №1318 კონსტიტუციურ სარჩელებში სადავოდ გამხდარი ნორმა დასჯადად აცხადებს ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით, უკანონო შეძენასა და შენახვას, აგრეთვე აღნიშნული ქმედებებისთვის სასჯელის სახედ განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე. მოსარჩელეები მსჯავრდებულნი არიან დიდი ოდენობით (0,00000126 გრამი და 0,0003 გრამი) ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის (მარილი), უკანონოდ, შეძენისა და შენახვისთვის და სასჯელის სახედ შეფარდებული აქვთ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალათ პირობით.
მოსარჩელეთა განცხადებით, მეტამფეტამინს არ გააჩნია მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობები, რის გამოც, მისი ნებისმიერი ოდენობა, რომელიც არ აღემატება 1 გრამს წარმოადგენს დიდ ოდენობას. მათი განმარტებით, 0,00000126 გრამს და 0,0003 გრამს იწონის მეტამფეტამინის მოსახმარად გამოყენებულ შპრიცში დარჩენილი ანაფხეკები, რომელთა შეუიარაღებელი თვალით დანახვა, მით უფრო მათი მოხმარება, შეუძლებელია. დასახელებული ოდენობების მეტამფეტამინის შეძენა და შენახვა არ წარმოადგენს საზოგადოებრივი საშიშროების მქონე ქმედებას, რის გამოც აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება აშკარად არაპროპორციული სასჯელია და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
№1318 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი დამატებით მიუთითებს, რომ 0,0003 გრამი მეტამფეტამინის შეძენისა და შენახვის აკრძალვას არ გააჩნია ღირებული საჯარო მიზანი. შესაბამისად, სადავო ნორმით ხდება გაუმართლებელი ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში.
საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
დავის საგანი:
1) №1265 კონსტიტუციურ სარჩელზე
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან წვა წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 109-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - მეტამფეტამინის (მარილი) იმ ოდენობით უკანონო შეძენისა და შენახვისათვის, რაც უვარგისია გამოყენებისათვის.
2) №1318 კონსტიტუციურ სარჩელზე
ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც დასჯად ქმედებად აცხადებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 109-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - მეტამფეტამინის (მარილი) იმ ოდენობით უკანონო შეძენასა და შენახვას, რომელიც არ წარმოადგენს მოსახმარად გამოყენებად ოდენობას;
ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 109-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - მეტამფეტამინის (მარილი) იმ ოდენობით უკანონო შეძენისა და შენახვისთვის, რომელიც არ წარმოადგენს მოსახმარად გამოყენებად ოდენობას.