სიახლეები

საქართველოს მოქალაქეები საბა სუთიძე, კონსტანტინე კანდელაკი და გიორგი აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 17 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა (ზეპირი მოსმენის გარეშე) საქართველოს მოქალაქე საბა სუთიძის კონსტიტუციურ სარჩელზე (რეგისტრაციის №660) და საქართველოს მოქალაქეების - კონსტანტინე კანდელაკისა და გიორგი აბულაძის კონსტიტუციურ სარჩელზე (რეგისტრაციის N754) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ნორმებს, რომლებიც არეგულირებს საკრებულოს მიერ  მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის/მერისათვის უნდობლობის გამოცხადებისა და ამ საფუძვლით გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს შეუძლია ხალხის მიერ, პირდაპირი წესით არჩეული გამგებელი/მერი თანამდებობიდან გადააყენოს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. შესაბამისად, მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ სადავო ნორმებით ირღვევა მათი უფლება აირჩიონ მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი (აქტიური საარჩევნო უფლება).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დაეყრდნო დადგენილ პრაქტიკას და მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი იცავს მხოლოდ იმ თანამდებობების პირების არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, რომელთა პირდაპირი წესით არჩევაც კონსტიტუციითაა გათვალისწინებული. ასეთ სახელმწიფო თანამდებობას არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, შესაბამისად მათი არჩევის უფლება არ არის კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ №660 და N754 კონსტიტუციური სარჩელები დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ მიიღო არსებითად განსახილველად.

განჩინებებს თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი.

დავის საგანი: ა) N660 კონსტიტუციურ სარჩელზე - საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვების „და უნდობლობის გამოცხადების“, 51-ე მუხლის მე-10 პუნქტის მე-2 წინადადებისა და 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის სიტყვების „მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

ბ) N754 კონსტიტუციურ სარჩელზე - ა) კონსტანტინე კანდელაკის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „გ.გ“ ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვების „და უნდობლობის გამოცხადების“, 51-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 73-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „უნდობლობის გამოცხადების“ და „51-ე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) გიორგი აბულაძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვების „და უნდობლობის გამოცხადების“, 51-ე მუხლისა და 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.