სიახლეები
„საქართველოს მოქალაქეები - სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
2016 წლის 14 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სალომე ქინქლაძის, ნინო კვეტენაძის, ნინო ოდიშარიას, დაჩი ჯანელიძის, თამარ ხითარიშვილისა და სალომე სებისკვერაძის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №588) და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 167-ე მუხლის მე-2 პუნქტი, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვები „პარტიების/საარჩევნო ბლოკების“ და ამავე კანონის 1692 მუხლის მე-4 პუნქტი.
სადავო ნორმები განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის/თემის, მერის/გამგებლის არჩევნებში, აგრეთვე რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატთა წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს და ამ წრიდან გამორიცხავს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, რომელსაც მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ, როდესაც კანონმდებელი კონსტიტუციიდან მომდინარე ვალდებულების ფარგლებში ხალხის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ადგენს პირდაპირ, საყოველთაო არჩევნებს, ეს არჩევნები წარმოადგენს კონსტიტუციით მოაზრებული საარჩევნო სისტემის ნაწილს და ექცევა კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცულ სფეროში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მერები და გამგებლები, როგორც აღმასრულებელი ორგანოები ახორციელებენ საჯარო უფლებამოსილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. შესაბამისად, ეს თანამდებობა წარმოადგენს სახელმწიფო თანამდებობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის, ხოლო სადავო ნორმებით დადგენილი წესი ქმნის ბარიერს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისთვის.
საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის სამართლებრივი არგუმენტაცია, რომელმაც სადავო შეზღუდვათა მიზნად დაასახელა პოლიტიკური გაერთიანებების გაძლიერება, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების წარმომადგენლობითი ორგანოებისა (საკრებულოები) და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მერებს/გამგებლებს შორის არაეფექტური კოორდინაციის შესაძლებლობა და ამ პირთა მხრიდან მომდინარე სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნა.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სახელმწიფო მმართველობის პოლიტიკური სისტემა, არა თუ გამორიცხავს და უარყოფს პლურალიზმს, არამედ ეფუძნება მას. ამასთან, დაუშვებელია განსხვავებული პოლიტიკური თუ მსოფლმხედველობრივი შეხედულება გახდეს ამა თუ იმ პირისა თუ პირთა ჯგუფისათვის სახელმწიფო მმართველობაში მონაწილეობისათვის უარის თქმის საფუძველი.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოებისა და ცენტრალური ხელისუფლების ეფექტურ კონტროლს მერების/გამგებლების საქმიანობაზე, რაც უზრუნველყოფს სეცესიის პრევენციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმებით გაუმართლებლად იზღუდება მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფისთვის მერის/გამგებლის არჩევნებსა და რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატთა წარდგენის უფლება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ საარჩევნო უფლებას (28-ე მუხლი) და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას (29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები).
საკონსტიტუციო სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლითა და 29-ე მუხლით დაცული სფეროების ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით.