სიახლეები

საქართველოს მოქალაქეების - მთვარისა კევლიშვილის, ნაზი დოთიაშვილისა და მარინა გლოველის კონსტიტუციური სარჩელის განმწესრიგებელი სხდომა

დღეს, 13 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს მოქალაქეების - მთვარისა კევლიშვილის, ნაზი დოთიაშვილისა და მარინა გლოველის კონსტიტუციური სარჩელის (რეგისტრაციის №717) არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად მიმდინარეობს განმწესრიგებელი სხდომა.

მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტს, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვებს „თანამდებობაზე ნიშნავს“ და 50-ე მუხლის მე-4 პუნქტს და აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები მართალია არ შეიცავს პირდაპირ აკრძალვას, თუმცა კანონმდებლობის ანალიზიდან ცხადი ხდება, რომ მოსამართლეების დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა არ არსებობს.

ამასთან, მოსარჩელეთა მითითებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ეკისრება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა შემდგომში გამოასწორონ ის მიზეზები, რომლებიც საფუძვლად დაედო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უარყოფით გადაწყვეტილებას. მოსარჩელეთა აზრით, თუკი არ იარსებებს უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, თავად უფლებით სარგებლობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ.

კონსტიტუციური სარჩელის ავტორები „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე ითხოვენ სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას.

ამგვარად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

№717 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.