სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და წევრებს შეხვდა
დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად ეწვია. შეხვედრა გიორგი პაპუაშვილთან დახურულ კარს მიღმა გაიმართა, მოგვიანებით კი პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ და საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებისთვის კომენტარები გააკეთეს.
„არის შემთხვევები, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ეხება პოლიტიკურ პროცესებს და ბუნებრივია, რომ პოლიტიკური დებატების ქარიშხალშიც აღმოჩნდეს სასამართლო, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ, როგორც ინსტიტუციამ და თითოეულმა მოსამართლემ თავი იგრძნოს დაცულად. სამწუხაროდ იყო ფაქტები, როცა მცდელობები იყო სასამართლოზე და თითოეულ მოსამართლეზე ზეწოლის. ამ შემთხვევაში ჩვენ მივმართეთ საზოგადოებას, შესაბამის სტრუქტურებსაც და არაადეკვატური რეაგირება იყო. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა გამოხატა ამის შესახებ წუხილი და ასევე სრული მხარდაჭერა, რომ თუკი ასეთი ფაქტები გაგრძელდება, ის სასამართლოს, როგორც ინსტიტუციის და თითოეული მოსამართლის გვერდში დადგება, რათა მათ ჰქონდეთ ყველანაირი შესაძლებლობა იმისთვის, რომ თავიანთი გადაწყვეტილება მიიღონ მხოლოდ კანონსა და შინაგან რწმენაზე დამყარებით და არა გარკვეული ზეწოლის საფუძველზე“, - განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.
პრეზიდენტმა გამოხატა სრული მხარდაჭერა, რომ პოლიტიკური ზეწოლის შემთხვევაში, ის სასამართლოს გვერდში დადგება: ”მე გამოვუხატე მოსამართლეებს ჩემი მხარდაჭერა. ვთქვი, რომ დარწმუნებული ვარ, ისინი უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს მიიღებენ თავისი შინაგანი რწმენისა და სამართლიდან გამომდინარე. გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დააფიქსირა თავისი შეწუხება, პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ზეწოლის მცდელობას ჰქონდა ადგილი, მე დავუდასტურე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ჩემი მხარდაჭერა. საკონსტიტუციო სასამართლო თამაშობდა და თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს სახელმწიფოს სამართლებრივი და დემოკრატიული ფუნქციონირების თვალსაზრისით“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.