სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს. ზაზა თავაძე დღეს, 28 ნოემბერს იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის, გერმანიის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰაიკე ფაიჩს, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იოჰანეს დუმასა და საფრანგეთის საელჩოს პირველ მრჩეველს ნატაშა ეპიმოფს შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, სასამართლოში მიმდინარე ე.წ. გახმაურებულ საქმეებს. ზაზა თავაძემ დიპლომატებთან შეხვედრისას აღნიშნა ბოლო პერიოდში სასამართლოში გაზრდილი კონსტიტუციური სარჩელების შესახებ და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სასამართლოს თავმჯდომარისთვის პრიორიტეტულია მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტურად დასაცავად დროულად მოხდეს სასამართლოში შემოსული კონსტიტუციური სარჩელების განხილვა.