სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დიპლომატებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს

ა.წ. 11 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე შეხვდა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანაში არსებულ კონსტიტუციური მართლმსაჯულების გამოწვევებზე ისაუბრეს. ელჩის თქმით, იგი ხელს შეუწყობს საქართველოს და თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის საქმიანი ურთიერთობის გაღრმავებას და სასამართლოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის პროფესიული ვიზიტების განხორციელებას ანკარაში. ლევენთ გუმრუქჩუმ ზაზა თავაძეს პატივისცემის ნიშნად საჩუქარი გადასცა და ბათუმში სტუმრობა აღუთქვა.

დღესვე ზაზა თავაძე ბალტიისპირეთისა და ყოფილი ე.წ. ვიშეგრადის ქვეყნების, მათ შორის ესტონეთისა და ლატვიის ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა. საუბრის თემა შეეხო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დიპლომატებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი როგორც თავმჯდომარის პრიორიტეტია დროულად და ეფექტურად მოხდეს სასამართლოში შემოსული კონსტიტუციური სარჩელების განხილვა, რათა დაცული იქნეს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები.