სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება #662 და #669 კონსტიტუციურ სარჩელებზე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 11 ნოემბერს არსებითად განსახილველად არ მიიღო საქართველოს მოქალაქის სტეფანე კვირკვაიასა (რეგისტრაციის N662) და ა(ა)იპ „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ (რეგისტრაციის N669) კონსტიტუციური სარჩელები.

N662 კონსტიტუციური სარჩელის მოსარჩელე ითხოვდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-4 პუნქტის, 801 მუხლის მე-4 პუნქტისა და 81-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 35-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მოპასუხის გრაფაში მითითებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ წარმოადგენს რეალურ მოპასუხე მხარეს, რადგან გასაჩივრებული კანონი მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ, შესაბამისად მისი არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის შემთხვევაში სწორედ საქართველოს პარლამენტი წარმოადგენს მოპასუხე მხარეს. შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ N662 კონსტიტუციურმა სარჩელმა ვერ დააკმაყოფილა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ფორმალური მოთხოვნები.

N669 კონსტიტუციური სარჩელის მოსარჩელე ითხოვდა „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილების მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის  არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 45-ე მუხლთან მიმართებით. სარჩელში მოსარჩელედ დასახელებული ა(ა)იპ აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა არღვევს იმ აბიტურიენტების უფლებებს, რომელთაც კერძო პროფესიულ დაწესებულებაში სურთ სწავლა და, ამასთანავე, იმ მეწარმეთა უფლებებს, რომლებიც მართავენ ამგვარ საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე დავობდა სხვათა უფლებების შესახებ და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოება არ აღჭურავს პირებს სასამართლოსთვის „actio popularis საშუალებით მიმართვის შესაძლებლობით. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რაც გახდა კიდეც მისი არსებითად არმიღების საფუძველი.