სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საზაფხულო სკოლა „ეკონომიკური და სოციალური უფლებების გამოწვევები“ გაიხსნა

დღეს, 9 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საზაფხულო სკოლა „ეკონომიკური და სოციალური უფლებების გამოწვევები“ გაიხსნა. მონაწილეებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მიესალმა, სტუდენტებს მიმართეს თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა ნათია ხანთაძემ და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის პროგრამის ოფიცერმა ბესარიონ ბოხაშვილმა.

საზაფხულო სკოლის მონაწილეობენ  სხვადასხვა უნივერსიტეტების სამართლის ბაკალავრიატის II-IVკურსებისა და მაგისტრატურის სტუდენტები. მათ შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას „კონსტიტუციური მართლმსაჯულება გარდამავალ დემოკრატიაში: საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში საკონსტიტუციო განხილვის მიღწევები და გამოწვევები“, ხოლო უშუალოდ სკოლის მსვლელობისას სტუდენტები ეკონომიკური და სოციალური უფლებების შესახებ  თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ. საზაფხულო სკოლის მონაწილეები სკოლის ფარგლებში შეხვდებიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებსა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტს, ანდრას შაიოს.

საზაფხულო სკოლა ხორციელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (EWMI-PROLoG)“ და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ხელშეწყობით.

საზაფხულო სკოლა „ეკონომიკური და სოციალური უფლებების გამოწვევები“ 14 სექტემბერს დასრულდება.