სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება
ქალბატონი ეკა ბესელიასა და მმართველი პარტიის სხვა ხელმძღვანელების მიერ მედიით ვრცელდება მცდარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თავს არიდებს მოსამართლეთა აცილების თაობაზე საქართველოს პარლამენტის შუამდგომლობების განხილვას. შევახსენებთ ყველა დაინტერესებულ პირს, რომ მიმდინარე წლის 23 აგვისტოს დანიშნული იყო სასამართლოს პლენუმის საორგანიზაციო სხდომა. ხოლო მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მხარეების მიერ დაყენებული შუამდგომლობის განხილვა-გადაწყვეტა ხდება მხოლოდ კონკრეტული საქმეების განხილვის ფარგლებში და არა სასამართლოს საორგანიზაციო სხდომებზე. ამ თვალსაზრისით, ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები ეფუძნება კანონის არცოდნას ან მიზნად ისახავს სასამართლოს და ცალკეული მოსამართლეების დისკრედიტაციას.
მოვუწოდებთ მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ სასამართლოს შიდა საქმიანობაში ჩარევისგან. საკონსტიტუციო სასამართლო, პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო უწყებებისგან დამოუკიდებლად, მათი ჩარევის გარეშე, მიიღებს გადაწყვეტილებას ყველა მიმდინარე საკითხზე. ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებთან ურთიერთობის ფორმისა და შინაარსის თაობაზე.