სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა დაესწრო შეხვედრას სასამართლო აქტების გამოქვეყნებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკანონმდებლო რეგულირების საკითხებზე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში, რომელიც სასამართლო აქტების გამოქვეყნებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკანონმდებლო რეგულირების საკითხებზე ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართა.
 
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და, შეხვედრის თემიდან გამომდინარე, ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც არაკონსტიტუციურად გამოცხადდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის სადავო დებულებების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას.
 
მერაბ ტურავამ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტს, მის ხელმძღვანელს და გუნდს განხორციელებული შეხვედრის ორგანიზებისათვის და საკონსტიტუციო სასამართლოსთან ხანგრძლივი და მჭიდრო თანამშრომლობისათვის. 

მოწვეულ სტუმრებს ასევე, სიტყვით მიმართეს: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა რენატე ვინთერმა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ და სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ.
 
სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ბათუმში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს, გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების პროფესორის, ევროკავშირის პროექტის „სასამართლო რეფორმების მხარდაჭერა საქართველოში“ უფროსი ექსპერტის, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის მაია კოპალეიშვილის კვლევის პრეზენტაცია თემაზე: ,,კონსტიტუციით დადგენილი ბალანსი სასამართლო აქტებზე საჯარო ხელმისაწვდომობის უფლებასა და პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობისგან დაცვის უფლებას შორის”. შეხვედრაზე, ასევე, მიმოიხილეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების სამუშაო ვერსია. 

ღონისძიება ორგანიზაცია "ევროკავშირი საქართველოსთვის" სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და მას ესწრებიან როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე, საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, უზენაესი სასამართლოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.