სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია არსებითად განიხილავს საქმეს „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1276)

2019 წლის 12 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვა საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1276).

გასაჩივრებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები ადგენს ჩხრეკის ჩატარების მიზანსა და საფუძველს, ასევე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მტკიცებულებით სტანდარტს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმებზე დაყრდნობით, შესაძლებელია, ჩხრეკა ჩატარდეს მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, ოპერატიული ინფორმაციის მიმწოდებელი პირის ვინაობა სრულიად გასაიდუმლოებულია, მათ შორის, მოსამართლისთვის და დაცვის მხარისთვისაც. მოსარჩელის მტკიცებით, ამგვარი რეგულირება ქმნის პირადი ცხოვრების უფლების დაუსაბუთებლად შეზღუდვის რისკებს.

მოსარჩელე მხარე ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს დანაშაულის თაობაზე მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესახებ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენების განაჩენის საფუძვლად გამოყენებას და მიუთითებს, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის კონსტიტუციურ მოთხოვნას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლთან მიმართებით;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.