სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1428 კონსტიტუციური სარჩელი

2021 წლის 15 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა №1428 კონსტიტუციური სარჩელი („კობა თოდუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

სადავო ნორმების თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სისხლის სამართლის განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დასაშვებობასა და დასაბუთებულობას სააპელაციო სასამართლო ამოწმებდა ზეპირი მოსმენის გარეშე. ზეპირი მოსმენის გარეშე ხდებოდა, აგრეთვე, აღნიშნული შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შეტანილი საკასაციო საჩივრის განხილვა.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დასაბუთებულობის სრულყოფილად შემოწმებისთვის, ისევე, როგორც საკასაციო საჩივრის სრულყოფილად, ყოველმხრივ და ობიექტურად განხილვის მიზნით, მსჯავრდებულს/მის ადვოკატს უნდა ჰქონოდა სასამართლოს წინაშე, ზეპირი მოსმენის ფორმატში, პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა.

მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ ცნო კონსტიტუციური სარჩელი. მოპასუხე მხარის განმარტებით, იმისთვის, რომ სადავო ნორმები შესაბამისობაში მოსულიყო კონსტიტუციასთან, ბლანკეტური შეზღუდვის ნაცვლად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებს თავად უნდა ჰქონოდათ ზეპირი მოსმენის ჩატარების საკითხის გადაწყვეტის დისკრეციული უფლებამოსილება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა, სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია. საქმის ზეპირი განხილვით ჩატარების ინტერესი განსაკუთრებით დიდია იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს ფაქტების დადგენას და ამასთან ერთად, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პირის უფლებრივ მდგომარეობაზე. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ სავალდებულოდ მიიჩნია ზეპირი მოსმენის ჩატარება ყველა იმ საქმეზე, რომელზეც კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადახედვის მთხოვნით წარდგენილი განცხადების შემოწმება საჭიროებს ფაქტბრივი გარემობების გამოკვლევას.

სხვა საქმეებთან მიმართებით კი საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ ზეპირი მოსმენის ჩატარება დამოკიდებული უნდა იყოს საქმის განმხილველ სასამართლოზე. თუ საქმის განმხილველი სასამართლო მიიჩნევს, რომ სრულყოფილი გამოკლვევისთვის საჭიროა ზეპირი განხილვის გამართვა, მას ამის შესაძლებლბა უნდა ჰქონდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სადავო ნორმების ინ ნორმატიული შინაარსი რომელიც გამორიცხავდა საქმეზე ზეპირი მოსმენის გამართვას.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის პირველი წინადადების და მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.