სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა N1472 კონსტიტუციური სარჩელი
2022 წლის 17 ივნისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა N1472 კონსტიტუციური სარჩელი („ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
მოსარჩელისთვის პრობლემას წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებად ცნობილი მტკიცებულების არსებითი განხილვის სხდომაზე მხარის [მოპასუხის] მიერ დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას.
მოსარჩელის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ამოცანებს წარმოადგენს წინასასამართლო სხდომაზე დაშვებული მტკიცებულებების არსებითი გამოკვლევა, როგორც მათი რელევანტურობის, უტყუარობის, ასევე დასაშვებობის კუთხით. თუმცა გამოკვლევის ბოლო სტადიაზე მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო უარს აცხადებს დაუშვებელ მტკიცებულებად ან უკანონო მტკიცებულებად ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, მხარეს უფლება აქვს, დააყენოს შუამდგომლობა მხოლოდ ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე კი დასაშვებად ცნობილი მტკიცებულების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმას აქვს შემზღუდველი ხასიათი, რის გამოც პირი მოკლებულია შესაბამისი პროცესუალური გარანტიებით სარგებლობას და გაუმართლებლად ხდება მის უფლებებში ჩარევა, კერძოდ, იზღუდება მოსარჩელის უფლება სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობაზე.
მოპასუხის პოზიციით, მართალია, ხსენებული ნორმა, ერთი მხრივ, აღჭურვავს მხარეებს კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში შუამდგომლობის დაყენების უფლებით, ხოლო, მეორე მხრივ, გამორიცხავს მხარეთა მიერ სხვა შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეს არ შეუძლია საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე იმსჯელოს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე, იგი უფლებამოსილია, ესა თუ ის მტკიცებულება არ გაიზიაროს, რაც უფრო მეტად მნიშვნელოვანი უფლებამოსილებაა მოსამართლისათვის, ვიდრე მტკიცებულების დასაშვებობაზე მსჯელობა. კერძოდ, მოსამართლეს შეუძლია არსებითი განხილვის ეტაპზე იმსჯელოს არა მხოლოდ მტკიცებულების წარმომავლობასთან დაკავშირებით, არამედ ყოველმხრივ შეისწავლოს, არსებითად გამოიკვლიოს კონკრეტული მტკიცებულება და, მათ შორის, იმსჯელოს საქმესთან მის რელევანტურობაზეც. წინასასამართლო სხდომის მიზანს კი წარმოადგენს საპროცესო ეკონომიის დაცვა. კერძოდ, მოსამართლეს არსებითი განხილვის სხდომაზე აღარ უწევს ისეთი მტკიცებულებების გამოკვლევა, რომელთა დაუშვებლად ცნობა მათი წარმომავლობის გამო უკვე შესაძლებელი იყო წინასასამართლო სხდომაზე. ამასთან, წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობა არ გამორიცხავს მოსამართლის უფლებამოსილებას, გადაწყვეტილების მიღებისას არ დაეყრდნოს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მას სარწმუნოდ არ მიაჩნია.
წინამდებარე საქმის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, არის თუ არა წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებად ცნობილი მტკიცებულების არსებითი განხილვის სხდომაზე დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაყენება მხარის ძირითადი უფლება, რომელიც კონსტიტუციის მიზნებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელი უფლებრივი კომპონენტიდან [სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება] უპირობოდ გამომდინარეობს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის აღმჭურველი ხასიათიდან გამომდინარე, ამ ნორმის ზოგადი ლეგიტიმური მიზანია მართლმსაჯულების ეფექტიანი აღსრულებისა და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის უზრუნველყოფა. თუმცა სადავო ნორმას ასევე გააჩნია შემზღუდველი ნორმატიული შინაარსი. კერძოდ, მხარეს უფლება არ აქვს არსებითი განხილვის სხდომაზე დააყენოს შუამდგომლობა წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებად ცნობილი მტკიცებულების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო რეგულირების ამგვარი შემზღუდველი შინაარსის ლეგიტიმური მიზანია სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარესამართალწარმოების ეკონომიურობისა და სისწრაფის უზრუნველყოფა.
სასამართლომ მიუთითა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების [სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების] რეალიზაციის უზრუნველყოფას ემსახურება ის ფაქტი, რომ საქმის ვითარების ყოველმხრივი გამოკვლევისათვის არსებით განხილვაზე უნდა მოხვდეს ისეთი კანონიერი მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლოა ბრალდების ან დაცვის მხარეს არ მიაჩნდეს რელევანტურად ან/და კანონიერად. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის პროცესში წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვის, საქმის არსებითი განხილვისთვის გადაცემისა და მხარეთა შუამდგომლობების განხილვის პროცედურული მექანიზმები უზრუნველყოფს პროცესის ეკონომიურად და დაუბრკოლებლად წარმართვას, მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის დაცვასა და, ზოგადად, მართლმსაჯულების ეფექტიანად აღსრულებას. წინასასამართლო სხდომის მიმდინარეობისას მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა კი იმგვარად, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს მოხდეს დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებების არსებითი გამოკვლევა და, ამავდროულად, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე არ არსებობდეს მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განმეორებითი განხილვის მექანიზმი, ხელს უწყობს ზემოთ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების ყველაზე ნაკლებმზღუდავი საშუალებით უზრუნველყოფას.
განსახილველი დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, სისხლის სამართლის პროცესში მხარის ინტერესი, რომ პროცესის ნებისმიერ ეტაპზე დააყენოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შუამდგომლობის გარდა კოდექსით პირდაპირ გაუთვალისწინებელი შუამდგომლობები, მეორე მხრივ კი, ეჭვქვეშ დგება სისხლის სამართალში პროცესუალური წესრიგი, რათა მართლმსაჯულების განხორციელება იყოს სამართლიანი, ეფექტიანი, სწრაფი და ეკონომიური, ამავდროულად, მხარეებს გააჩნდეთ შესაძლებლობა სამართლიანი კონკურენციის პირობებში დაიცვან როგორც ბრალდების, ისე ბრალდებულის ინტერესები.
სასამართლომ მიუთითა, რომ მხარისათვის სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა, მხარეთა საპროცესო შესაძლებლობის თვალსაზრისით, დისბალანსს არ იწვევს. პირიქით, როგორც კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა, ისე პირდაპირ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში ამგვარი შუამდგომლობის დაყენების შეუძლებლობა თანაბრად მიემართება სამართალწარმოების ორივე მხარეს და, იმავდროულად, უზრუნველყოფს პროცესის ეკონომიურობის, ეფექტიანი მართლმსაჯულების, მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის დაცვას. აღნიშნული კი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური სიკეთეებია.
საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება, ასევე, გაამახვილა სისხლის სამართალწარმოებაში წინასასამართლო სხდომის დანიშნულებასა და მიზნებზე, არსებითი განხილვის დროს მტკიცებულებათა შეფასების კუთხით კი მიუთითა, რომ სწორედ პროცესის ამ ეტაპზე ხდება დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებების არსებითი გამოკვლევა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებათა გამოკვლევა ხორციელდება მხარეთა მიერ უშუალოდ და ზეპირად (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლი), ამასთანავე, მხარეებს უფლება აქვთ მოიწვიონ და პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაკითხონ მოწმეები (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 244-246-ე მუხლები), შეამოწმონ მათ მიერ გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენებები, ექსპერტთა დასკვნები და ა.შ. სასამართლო კი, თავის მხრივ, ვალდებულია მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი, რომელიც დაფუძნებული იქნება იმ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე, რომლებიც შეფასებულია სასამართლოს მიერ საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმები როგორც მტკიცებულებათა დასაშვებობის, მათი რელევანტურობისა და უტყუარობის შეფასების, ისე საქმის არსებითი განხილვის დროს მათი ყოველმხრივი გამოკვლევის კუთხით, გონივრულად ადგენს, ზოგადად, მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებებს.
ამასთანავე, იმ პირობებში, როდესაც, უპირველესად, მხარეს აქვს შესაძლებლობა თანაბარ და შეჯიბრებით გარემოში წარადგინოს მტკიცებულებები, იმსჯელოს მათ დასაშვებობასა თუ დაუშვებლობაზე, დაუშვებლად ცნობილი მტკიცებულებების შესახებ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ყოველმხრივ და სრულად გამოიკვლიოს დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებები, ამასთანავე, გამონაკლის შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვისას, წარადგინოს ახალი მტკიცებულება, რომლის წარდგენა წინასასამართლო სხდომაზე ობიექტურად შეუძლებელი იყო (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილი), ბოლოს კი, სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში და დააყენოს შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში კანონის არსებითი დარღვევით გამოკვლეული მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე, საკონსტიტუციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმები გონივრული ბალანსის დაცვით უზრუნველყოფს როგორც მხარეთა ქმედით უფლებას სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობაზე, ასევე იმ ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, რომელსაც გასაჩივრებული სადავო ნორმატიული შინაარსის გათვალისწინებით, სამართალწარმოების ეკონომიურობისა და სისწრაფის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მაშინ, როდესაც მხარე კანონმდებლობით აღჭურვილია ზემოხსენებული საპროცესო მექანიზმებით, უზრუნველყოს შეჯიბრებით პროცესში საკუთარი ინტერესების სრულყოფილი დაცვა და, მათ შორის, ასეთ ძირითად მექანიზმს წარმოადგენს კოდექსით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა, ამის საპირისპიროდ, კონსტიტუციის სულისკვეთებიდან გამომდინარე, არ შეიძლება წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებად ცნობილი მტკიცებულების არსებითი განხილვის სხდომაზე დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაყენება მიჩნეულ იქნეს მხარის ძირითად უფლებად, რომელიც სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებიდან და სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებიდან გამომდინარეობს. ასეთ შემთხვევაში, გადამწყვეტ როლს თამაშობს პროცესის ეფექტიანობის უზრუნველმყოფი ღონისძიებები, მათ შორის, ერთი მხრივ, საქმის არსებითი განხილვის დროს მოსამართლის მიერ მტკიცებულებათა სავალდებულოდ შეფასებისა და შესაბამისი დასაბუთებული განაჩენის მიღების ვალდებულება, ხოლო, მეორე მხრივ, მხარის უფლება, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განაჩენის გასაჩივრების გზით დაიცვას მისი დარღვეულად ნაგულვები უფლება.
გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.