სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა N1464 კონსტიტუციური სარჩელი

2022 წლის 17 ივნისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა N1464 კონსტიტუციური სარჩელი („მიხეილ ხაინდრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის საფუძველზე, პირის დაკავების შესახებ განჩინების გასაჩივრების აკრძალვის საკითხის კონსტიტუციურობას სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, პირის დაკავების შესახებ განჩინების გასაჩივრების აკრძალვით, სადავო ნორმა გამორიცხავდა მის შესაძლებლობას, ედავა სასამართლოს მიერ დაკავების შესახებ განჩინებით დადგენილი ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებების კანონიერების შესახებ. მოსარჩელის პოზიციით, დაწესებული აკრძალვა, ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, გაუმართლებლად ზღუდავდა მის უფლებას სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობაზე.

მოპასუხის პოზიციით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადება არ გამორიცხავს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებით სარგებლობას. მოპასუხის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა. ამასთანავე, მოპასუხემ მიუთითა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ინსტიტუტები არ უნდა იქნეს განხილული ერთმანეთისგან იზოლირებულად. კერძოდ, დაკავება და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის განხილვა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ინსტიტუტებია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა. პირი დაკავებულად ითვლება მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის მომენტიდან. დაკავების მომენტიდან პირი ითვლება ბრალდებულად. დაკავებაც და პირის ბრალდებულად ცნობაც, თავის მხრივ, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველია. მოპასუხის განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის განხილვის სასამართლო პროცესზე (პირველი წარდგენის სხდომა) მოსამართლე, მათ შორის, ვალდებულია შეაფასოს არსებობდა თუ არა დასაბუთებული ვარაუდი პირის დაკავებისთვის. შესაბამისად, პირის მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულების ღონისძიების კანონიერების შეფასება ისედაც ხორციელდება სასამართლოს მიერ, რის გამოც, მოპასუხის პოზიციით, დაუსაბუთებელია მოსარჩელის აპელირება სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. დამატებით, მოპასუხის პოზიციით, პირი თავისუფლების უკანონო შეზღუდვის შემთხვევაში სარგებლობს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული კომპენსაციის უფლებით, რაც მნიშვნელოვნად გარემოებას წარმოადგენს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისთვის.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, უზრუნველყო თუ არა სახელმწიფომ მისი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება სამართლიანი სასამართლოს იმ უფლებრივი კომპონენტის შინაარსობრივი რეგულირების გზით, რომელსაც სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების პროცედურული უზრუნველყოფა წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა ის გარემოება, თუ რამდენად გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებიდან პირის დაკავების შემთხვევაში, აღჭურვოს იგი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უპირობო უფლებით - დაკავების შესახებ განჩინების გასაჩივრების მეშვეობით; არის თუ არა საკმარისი მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში არსებული სასამართლო კონტროლის განხორციელების საშუალებები პირის დაკავების პროცესში სახელმწიფოს თვითნებობის გამოსარიცხად და, აქედან გამომდინარე, აუცილებელია თუ არა დაკავების შესახებ განჩინების სასამართლოში გასაჩივრების უფლების დადგენა სახელისუფლო თვითნებობის წინააღმდეგ უფრო მეტი გარანტიების შესაქმნელად.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული სადავო ნორმატიული შინაარსი მიემართებოდა ისეთ შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფო, მართალია, არ უშვებს დაკავების შესახებ განჩინების დამოუკიდებლად/ინდივიდუალურად ცალკე გასაჩივრების შესაძლებლობას, თუმცა სხვა საკანონმდებლო მექანიზმების მეშვეობით უზრუნველყოფს მოქალაქის მიერ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებით სარგებლობას, რა დროსაც მას [მოქალაქეს] რეალური და ქმედითი საშუალებების გამოყენებით შეუძლია მის მიერ ნაგულვები დარღვევების სამართლებრივი გადამოწმება. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული სადავო ნორმის მოქმედებით არ ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში ჩარევა.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირის დაკავების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება სრულად არ არის გამორიცხული სასამართლო კონტროლის სფეროდან. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განხორციელებული დაკავების დროს, იგი გაივლის სასამართლოს მიერ განჩინების მიღებით მნიშვნელოვან სასამართლო კონტროლს. ამავდროულად, ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს. შესაბამისად, მაშინ, როდესაც პირველი წარდგენის სხდომაზე მოსამართლე გამოარკვევს ბრალდებულის ვინაობას და სხვა მრავალ საკითხთან ერთად ასევე განიხილავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობას და გამოარკვევს, ხომ არ აქვს ბრალდებულს რაიმე საჩივარი ან შუამდგომლობა მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე ზემოხსენებული საკითხების დადგენისას, თუ ბრალდებული განაცხადებს მისი დაკავებიდან გამომდინარე საჩივარს ან იშუამდგომლებს მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც სასამართლო დარწმუნდება, სასამართლოს შეუძლია ასეთი დაკავება მიიჩნიოს დაუსაბუთებლად ან/და უკანონოდ, ხოლო დაკავების საფუძველი არასაკმარისად და უარი განაცხადოს დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. ამ შემთხვევაში დაკავებული ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან, რა დროსაც დგება სამართლებრივი მოცემულობა - ფაქტობრივად, პირველი წარდგენის სხდომაზე პირის მიმართ მიღებული დაკავების კანონიერება ხელახლა განიხილება, რაც დასტურდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-5 ნაწილის მეორე წინადადებით, რომლის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის დასაბუთებულობისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლების შემოწმების შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ნათლად განსაზღვრავს მოსამართლის ვალდებულებას, უზრუნველყოს დაკავებული ბრალდებულის თავისუფლების შეზღუდვის უფლების კანონიერების შემოწმება.

ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების გასაჩივრების მექანიზმზე, ვინაიდან აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის განხილვის სხდომაზე სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს, არსებობდა თუ არა პირის დაკავების შესაბამისი საფუძვლები. ამ დროს სასამართლო ამოწმებს სწორედ იმ იდენტურ სამართლებრივ საფუძვლებს, რომლებიც გათვალისწინებულია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისას. წინააღმდეგ შემთხვევაში პირი დაკავებიდან აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. სხვა შემთხვევაში დაკავებული პირი, რომლის მიმართ გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით, სარგებლობს უფლებით გაასაჩივროს მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შესახებ განჩინება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, რომლის მეშვეობით მას კიდევ ერთხელ ეძლევა შესაძლებლობა გადაამოწმოს დაკავებით და დაპატიმრებით მისთვის თავისუფლების შეზღუდვის მართლზომიერება.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული მექანიზმები სრულად უზრუნველყოფს პირის უფლებას მიმართოს სასამართლოს სავარაუდოდ დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით. სასამართლომ განმარტა, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახელისუფლო გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის არარსებობა, თავისთავად, არ გულისხმობს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების უგულებელყოფას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება მოითხოვს იმგვარი სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებებისა და ინტერესების დაცვას, მათ შორის, ეფექტიანი სასამართლო კონტროლის მეშვეობით. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არის პირის უფლების დაცვის ისეთი ქმედითი მექანიზმი, რომელიც პირს აძლევს შესაძლებლობას, თავისი დარღვეულად მიჩნეული ან საფრთხის ქვეშ მყოფი უფლებების დასაცავად მიმართოს ისეთ დემოკრატიულ ინსტიტუციას, რომელსაც წარმოადგენს სასამართლო.

მოცემული დავის ფარგლებში განვითარებული მსჯელობის შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ დაკავება არ არის ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც, ცალკე აღებული, საჭიროებს იმაზე მეტ სასამართლოს კონტროლს, ვიდრე ეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით არის უზრუნველყოფილი. დაკავება ისედაც ხორციელდება სასამართლოს კონტროლის მეშვეობით იმდენად, რამდენადაც პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სწორედ სასამართლოს გამოაქვს განჩინება პირის დაკავების შესახებ. ხოლო შემდეგ ეტაპზე, ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე კვლავ სასამართლო განიხილავს პროკურორის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ, ამასთან, კანონიერების იგივე სტანდარტითა და კრიტერიუმების შემოწმებით, რომლებიც სავალდებულოდ აუცილებელი იყო პირის დაკავების შესახებ განჩინების მისაღებად. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინება საჩივრდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. ამგვარად, დაკავების შესახებ განჩინების მიღებისას და ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას, რომელიც დროში მალევე მოსდევს დაკავებას, კანონმდებლობით უზრუნველყოფილია სასამართლოს სამჯერადი ჩართულობა, რა დროსაც მხოლოდ სასამართლოა უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება თავისუფლების შეზღუდვისა თუ შეზღუდული თავისუფლების კანონიერების თაობაზე. შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ განმარტა, რომ დაკავების შემდეგ პიროვნების ფიზიკური თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის პრევენციის მიზნით, დაკავების შესახებ სასამართლოს განჩინების ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობის დაშვებით კიდევ ერთი დამატებითი სასამართლო კონტროლის მექანიზმის დადგენის რაიმე საჭიროება არ არსებობს. უფრო მეტიც, ამგვარ პირობებში, დაკავების შესახებ განჩინების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების მოთხოვნა თვითმიზნურ ხასიათს შეიძენდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის, მათ შორის, მისდამი ეფექტიანი ხელმისაწვდომობის უფლება, პროცედურული ხასიათისაა და, საბოლოო ჯამში, ემსახურება იმ მატერიალურ უფლებათა დაცვას, რომელთა გამორკვევაც უნდა მოხდეს სასამართლოში. განსახილველ შემთხვევაში ამგვარ მატერიალურ უფლებას წარმოადგენს ფიზიკური თავისუფლება, რომლის გაუმართლებელი შეზღუდვის პრევენციას ემსახურება სწორედ ზემოთ აღწერილი სამმაგი სასამართლო კონტროლი შესაბამისი საკანონმდებლო პროცესუალური მექანიზმებით. ამგვარად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაკავების შესახებ განჩინების გასაჩივრების საჭიროება, მოცემულ შემთხვევაში, ვერ დაეფუძნება ადამიანის ფიზიკური თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის პრევენციის საჭიროებას და მხოლოდ თვითმიზნურ მოთხოვნას წარმოადგენს.

დამატებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ გარდა სასამართლო კონტროლის იმ მექანიზმებისა, რომლებიც ხორციელდება როგორც დაკავების შესახებ განჩინების მიღების დროს, ისე პირველი წარდგენის სხდომაზე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის ფარგლებში ყველა ფაქტობრივი და ფორმალური გარემოების შეფასებით და, მით უფრო, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებით, ასევე არსებობს დარღვეული უფლების აღდგენის დამატებითი ალტერნატიული მექანიზმიც ფულადი კომპენსაციის სახით. კერძოდ, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი წარმოადგენს უფლების დარღვევის საპირწონედ ზიანის ანაზღაურების ისეთ ალტერნატიულ მექანიზმს, რომელიც პირს აძლევს შესაძლებლობას, მოახდინოს მის მიმართ უკანონოდ განხორციელებული საპროცესო მოქმედებისა თუ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების შედეგად დარღვეული უფლებების კომპენსირება. ამავდროულად, სასამართლომ მიუთითა, რომ შესაძლო უკანონო დაკავებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება როდი იღებს სათავეს მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან, არამედ ასეთ საფუძველს ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.