სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1559 კონსტიტუციური სარჩელი

2022 წლის 23 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა №1559 კონსტიტუციური სარჩელი („არჩილ მორბედაძე და ამალია ბადალიანი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“).

საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა ადგენდა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირებაზე გამოუცხადებლობა აბიტურიენტს ართმევდა დამატებითი ტესტირების ჩატარების მოთხოვნის უფლებას, მიუხედავად იმისა ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ობიექტური მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.

მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით აბიტურიენტთა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვა, ისევე როგორც სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა ხდებოდა ყოველწლიურად, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. შესაბამისად, ის პირები, რომლებიც ვერ ახერხებდნენ ამა თუ იმ სავალდებულო საგანში მათთვის განკუთვნილ ტესტირებაზე გამოცხადებას იმთავითვე მოკლებულნი იყვნენ უმაღლესი განათლების მიღების და მისი დაფინანსების შესაძლებლობას. მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც ტესტირებაზე გამოცხადება ვერ მოახერხეს ისეთი ობიექტური გარემოებების გამო, როგორებიცაა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრა, ოჯახის წევრის გარდაცვალება ან დაუძლეველი ძალა უნდა მისცემოდათ დამატებით ტესტირებაზე გასვლის შესაძლებლობა.

მოპასუხე მხარის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იმავე საგამოცდო საგნის სხვადასხვა სატესტო ვარიანტები შედგებოდა ერთგვაროვანი ტესტური დავალებებისგან, სირთულის თვალსაზრისით, მაინც შეიძლებოდა არსებულიყო მცირედი სხვაობა ტესტის სხვადასხვა ვარიანტებს შორის. ამგვარი მოცემულობიდან გამომდინარე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შეიმუშავა ქულათა გაიგივებისა და გათანაბრების მექანიზმი, რაც მოიცავდა კონკრეტული ქულის პროცენტული რანგის დადგენას, შემდგომში ნედლი ქულების გაიგივებას და გათანაბრებული ქულის მინიჭებას. აღნიშნული პროცედურისთვის აუცილებელი იყო, რომ საგამოცდო სესიებში აბიტურიენტთა რაოდენობა ყოფილიყო, დაახლოებით, თანაბარი და მათი შერჩევა მომხდარიყო შემთხვევითობის პრინციპზე დაყრდნობით. დამატებით სესიაზე გასვლის შესაძლებლობის დაშვებით, შეუძლებელი იქნებოდა აბიტურიენტთა რაოდენობის წინასწარი პროგნოზირება, რის შედეგადაც, ვეღარ მოხდებოდა მათ მიერ მიღებული ქულების გათანაბრება და დაირღვეოდა თანასწორობის პრინციპი. მოპასუხის პოზიციით, აღნიშნული სიკეთის დაცვა გადაწონიდა იმ მცირე რაოდენობის აბიტურიენტთა უფლებას, ჩარიცხულიყვნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელთაც რაიმე ობიექტური მიზეზის გამო ვერ მოახერხეს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება. ამასთან, დამატებითი საგამოცდო სესიის ჩატარება საჭიროებდა დამატებითი ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას, რაც გამოიწვევდა ფინანსური ხარჯების ზრდას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პირველ რიგში დაადგინა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირებაზე გამოუცხადებლობის შედეგების განსაზღვრის უფლებამოსილების დელეგირება განათლებისა და მეცნიერების მინისტრზე შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. აღნიშნულის შემდგომ, სასამართლომ გამოიკვლია ქულათა გაიგივებისა და გათანაბრების მექანიზმის არსი და დაასკვნა, რომ იგი ნამდვილად ემსახურებოდა ისეთი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, როგორიც იყო ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულების თანაბრად შეფასება. ამასთან, დამატებითი სესიის დანიშვნის პირობებში ვეღარ მოხდებოდა ამ სესიაზე გამსვლელი აბიტურიენტების მიერ მიღებული ქულების გაიგივება ძირითად სესიებზე მიღებულ ქულებთან. გარდა ამისა, ნათელი იყო, რომ დამატებითი სესიების ჩატარება მოითხოვდა გაზრდილ ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსს.

საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზი გაუსვა უმაღლესი განათლების მიღებისა და დაფინანსების უფლებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას დემოკრატიულ საზოგადოებაში და განმარტა, რომ სადავო ნორმით ადგილი ჰქონდა აღნიშნულ უფლებებში საკმაოდ ინტენსიურ ჩარევას, რადგან დაინტერესებულ პირს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ეზღუდებოდა 1 წლის ვადით. ამასთან, აღინიშნა, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული ისეთი ობიექტური გარემოებები, როგორებიცაა: აბიტურიენტის ავადმყოფობა, ოჯახის წევრის გარდაცვალება, პანდემია და სტიქიური უბედურებები, ნამდვილად წარმოადგენდა იმგვარ ფაქტორებს, რომლებიც უკიდურესად ართულებდა ან/და შეუძლებელს ხდიდა პირის გამოცხადებას მისთვის განკუთვნილ საგამოცდო სესიაზე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ითვალისწინებდა დამატებითი საგამოცდო ტესტის ჩატარების შესაძლებლობას კანონმდებლობითვე გაწერილი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. საქმის განხილვის არსებით სხდომაზე საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ დამატებითი საგამოცდო სესიებით გამოწვეული გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, მათ მაინც მოახერხეს 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება და საბოლოო შედეგების დროულად გამოქვეყნება. იმავე პრინციპით გაიმართა 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებიც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელი იყო, რომ საგამოცდო ცენტრს გააჩნდა დამატებითი საგამოცდო სესიის ჩასატარებლად საკმარისი ადმინისტრაციული და მატერიალური რესურსის მობილიზების შესაძლებლობა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვერც მატერიალური რესურსის დაზოგვის და ვერც ქულათა მაქსიმალურად თანაბრად შეფასების ინტერესით, ვერ იქნებოდა გამართლებული უმაღლესი განათლების მიღებისა და მისი დაფინანსების უფლებების იმ ფორმით შეზღუდვა, როგორსაც ამას სადავო ნორმა ითვალისწინებდა.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმა, ხოლო მისი ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2023 წლის პირველ აპრილამდე, რათა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მისცემოდა გონივრული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისთვის საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად.

დავის საგანი: „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მეორე პუნქტის მე-4 წინადადებასთან მიმართებით.