სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა №1300 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი გულაბერიძე და ბადრი შუშანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2024 წლის 20 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა №1300 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი გულაბერიძე და ბადრი შუშანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

სადავო ნორმა ადგენდა სათადარიგო მოსამართლის მიერ საქმის განხილვის წესს და განსაზღვრავდა, რომ სათადარიგო მოსამართლის დანიშვნის შემთხვევაში საქმის განხილვა გრძელდებოდა.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ სათადარიგო მოსამართლეს განაჩენი დაეფუძნებია იმგვარ მტკიცებულებებზე, რომლებიც პროცესზე მის მიერ უშუალოდ არ ყოფილა გამოკვლეული. მტკიცებულებების უშუალოდ გამოკვლევის გარეშე კი მოსარჩელის მითითებით, შეუძლებელია, მოსამართლეს ჩამოუყალიბდეს შინაგანი რწმენა, შეაფასოს მტკიცებულებათა უტყუარობა, რის გამოც ასეთი მტკიცებულებების გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იქნება. ამდენად, მოსარჩელე მხარეს მიაჩნდა, რომ სათადარიგო მოსამართლე საქმის განხილვის დაწყებისთანავე უნდა იყოს ჩართული მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესში.

მოპასუხის პოზიციით, სათადარიგო მოსამართლე ყოველთვის ვერ დაინიშნება განმხილველი მოსამართლისათვის სისხლის სამართლის საქმის გადაცემის პარალელურად, ვინაიდან, შეუძლებელია ყოველ ჯერზე სათადარიგო მოსამართლის ინსტიტუტის გამოყენების საჭიროების წინასწარ განსაზღვრა. მოპასუხე მხარეს მიაჩნდა, რომ სადავო ნორმა არ არღვევდა მტკიცებულებათა ზეპირად გამოკვლევის პრინციპს, ვინაიდან მხარეს პროცესის ერთ ეტაპზე მაინც ჰქონდა მტკიცებულებათა ზეპირად წარმოდგენის შესაძლებლობა, ხოლო სათადარიგო მოსამართლის მიერ უშუალობის პრინციპის რეალიზება ხორციელდებოდა ვიდეო და აუდიო ჩანაწერების, აგრეთვე, სხდომის ოქმის გაცნობის გზით.

საკონსტიტუციო სასამართლომ საერთო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ სადავო ნორმა ადგენდა სათადარიგო მოსამართლის მიერ საქმის განხილვის გაგრძელების იმპერატიულ მოთხოვნას. დასახელებული წესი ვრცელდებოდა ყველა კატეგორიის საქმეზე და საქმის განხილვის ყველა ეტაპზე, იმის მიუხედავად, თუ რა საკითხის გადაწყვეტა უწევდა სათადარიგო მოსამართლეს, ან როგორი იყო სათადარიგო მოსამართლის დანიშვნამდე გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებსაც, შესაძლოა, მოსამართლე დაყრდნობოდა გადაწყვეტილების მიღებისას.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ იმ საქმეების შემთხვევაში, როდესაც სათადარიგო მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ისეთ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც მის მიერ საქმეში ჩართვამდე იქნა გამოკვლეული, შეიძლება გონივრულად გაჩნდეს საქმის ხელახალი განხილვის საჭიროება. კონკრეტულად, თუ საქმე შეეხება მოწმის/ექსპერტის ჩვენებას ან სხვა ისეთ მტკიცებულებას, რომლის სანდოობის შეფასება მოითხოვს მოსამართლის უშუალო, პირად მონაწილეობას, მაშინ საქმის (მისი შესაბამისი ნაწილის) განხილვის თავიდან დაწყების საჭიროება, როგორც წესი, არსებობს. ხოლო მაშინ, როდესაც სახეზეა სხვა კატეგორიის მტკიცებულებები (ნივთიერი მტკიცებულება, დოკუმენტი, კომპიუტერული მონაცემი და ა.შ.) შესაძლოა, პირის ინტერესი დაბალანსდეს მოსამართლის მიერ საქმის მასალების გაცნობით. თუმცა, ამ უკანასკნელ შემთხვევაშიც, მოსამართლე აღჭურვილი უნდა იყოს უფლებამოსილებით, რომ მოითხოვოს საქმის ხელახალი განხილვა, თუ საჭიროებს კონკრეტული საკითხის/მტკიცებულების დაზუსტებას.

სადავო ნორმა არ ითვალისწინებდა სათადარიგო მოსამართლის მიერ საქმის (მისი რომელიმე ეტაპის) ხელახლა განხილვის არც უფლებამოსილებას და არც ვალდებულებას მაშინ, როდესაც არსებობს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და ცალკეული მტკიცებულებების ხელახალი გამოკვლევის მომეტებული ინტერესი. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმით დადგენილი ბლანკეტური მოწესრიგება ვერ აბალანსებდა სამართლიანად დაპირისპირებულ ინტერესებს და არაკონსტიტუციურად ცნო იგი.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის (2021 წლის 29 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.