სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო განჩინება საქმეზე „გოგი გვიდიანი, ბადრი გვიდიანი, ბიძინა გვიდიანი და ჯამლათ გვიდიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
2024 წლის 27 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიღო განჩინება საქმეზე „გოგი გვიდიანი, ბადრი გვიდიანი, ბიძინა გვიდიანი და ჯამლათ გვიდიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1455).
საკონსტიტუციო სასამართლომ 2025 წლის პირველი ივნისიდან, ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას.
სადავო აქტის გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძვლიანობისას, ითვალისწინებდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხებოდა მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. მოსარჩელე მხარე დაუშვებლად მიიჩნევდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას მაშინ, როდესაც არ იყო დადგენილი მისი გაუქმების საჭიროება. მოსარჩელეების არგუმენტაციით, სადავო ნორმის საფუძველზე, გადაწყვეტილება უქმდებოდა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელახალი განხილვის შემდეგ, არსებობდა შესაძლებლობა, არ შეცვლილიყო გაუქმებული გადაწყვეტილების შინაარსი.
2018 წლის 7 დეკემბრის №2/8/765 გადაწყვეტილებით (საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად მიიჩნია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, ითვალისწინებდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.
2018 წლის 7 დეკემბრის №2/8/765 გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი იმ შემთხვევებში, როდესაც არ დგინდება გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგების გადახედვის აუცილებლობა. დასახელებულ საქმეზე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეფასებისას, მოსამართლე აფასებდა მხოლოდ განცხადების საფუძვლიანობას და არა თავად გასაჩივრებულ გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგების შეცვლის საჭიროებას. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უქმდებოდა მაშინაც, როდესაც მისი უსწორობა არ იყო დადასტურებული. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს უკიდურეს შემთხვევაში - მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც დადგინდება მისი სამართლებრივი შედეგების გაუქმების აუცილებლობა.
თავის მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ №1455 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარ შემთხვევაში, სადავო მოწესრიგება ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში შეფასებული მოცემულობის მსგავსად ზღუდავდა პირის სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამ თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირის საქმის განხილვაზე მოუწვევლობა, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხებოდა მიღებული გადაწყვეტილება, a priori არ მიუთითებდა მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის აუცილებლობაზე/საჭიროებაზე. კერძოდ, არ იყო ცხადი, გამოიწვევდა თუ არა სასამართლო პროცესში პირის მონაწილეობა არსებულისაგან განსხვავებულ სამართლებრივ შედეგს. უფრო მეტიც, შესაძლოა, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაუქმებულიყო, თუმცა პროცესის განახლების შედეგად სასამართლოს იგივე გადაწყვეტილება მიეღო. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ არსებული მოწესრიგების ფარგლებში, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უქმდებოდა მხოლოდ პირის პროცესზე მოუწვევლობის გამო, იმგვარად, რომ გადაწყვეტილების უსწორობა და მისი გაუქმების საჭიროება დადგენილი არ იყო.
ამ პირობებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ №1455 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი საფუძველი არ ქმნიდა იმგვარ სხვაობას სადავო ნორმასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 7 დეკემბრის №2/8/765 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმას შორის, რომ საჭირო ყოფილიყო სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება საქმის არსებითი განხილვის ფორმატში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის სადავო ნორმატიული შინაარსი მიჩნეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/8/765 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად და იგი განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით, 2025 წლის პირველი ივნისიდან, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი.