სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს (CIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ და უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ კორძაიამ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უნივერსიტეტს შორის აკადემიური, საგანმანათლებლო და კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და მის შემდგომ განვითარებას. ასევე, მემორანდუმის ფარგლებში,  გათვალისწინებულია სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთათვის სათანადო პრაქტიკული უნარების განვითარების ხელშეწყობა და  პრაქტიკულ აქტივობებში მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ წაიკითხა საჯარო ლექცია კონსტიტუციური წარდგინების მნიშვნელობაზე საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ: CIU-ს რექტორი, პროფესორი კახაბერ კორძაია; საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია; სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ხატიძე; ემერიტუსი პროფესორი, აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე და პროფესორი ბექა ქანთარია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე,  პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.