სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1354 კონსტიტუციური სარჩელი
2026 წლის 2 აპრილს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1354 კონსტიტუციური სარჩელი („ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმას, რომელიც აწესებს პასუხისმგებლობას პროსტიტუციის ჩადენისათვის.
მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა არათანაზომიერად ზღუდავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის დაცვა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია, შეიძლება, წარმოადგენდეს პროსტიტუციის აკრძალვის ლეგიტიმურ მიზანს, არსებული რეგულირება ამ მიზნის მიღწევას ვერ უზრუნველყოფს და პირიქით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებით, აფერხებს რისკ ჯგუფების ჩართულობას ჯანმრთელობის პროგრამებში. ამასთან, სანქციის შიშის გამო, სექსმუშაკები თავს იკავებენ ძალადობის ფაქტის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირებისგან. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, აგრეთვე, განუჭვრეტელია სადავო ნორმის შინაარსი, რადგან არც სადავო რეგულირება და არც სხვა რომელიმე ნორმატიული აქტი არ განმარტავს პროსტიტუციის ცნებას.
მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო რეგულირება ემსახურება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ზნეობისა და ჯანმრთელობის დაცვას. მისი პოზიციით, აღნიშნული სამართალდარღვევის არსებობა ხელს უშლის სხეულით მომსახურების, როგორც სოციალურად მისაღები ქცევის დამკვიდრებას და სექსუალური ინდუსტრიის გაფართოებას, შედეგად, ამცირებს ტრეფიკინგის, ძალადობისა და პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა ჩართვის რისკებს. მოპასუხე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ტერმინის საკანონმდებლო განმარტების არარსებობისა, პროსტიტუცია, ისტორიული გამოცდილებისა და საზოგადოებაში ჩამოყალიბებული აღქმის საფუძველზე, გულისხმობს ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალური მომსახურების გაწევას. შესაბამისად, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა აკმაყოფილებს განჭვრეტადობის სტანდარტს და ემსახურება ღირებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, რის გამოც №1354 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვა. საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, პროსტიტუციაში ჩართული პირის საქმიანობა, როგორც წესი, დაკავშირებულია სხვადასხვა პარტნიორთან სქესობრივი კონტაქტის დამყარებასთან, რაც ზრდის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელების რისკს. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია, მათი დიაგნოსტირება, მკურნალობა და მონიტორინგი კი, სახელმწიფოს ჯანდაცვის პოლიტიკის ფარგლებში, ყოვლისმომცველი სტრატეგიების შემუშავებასა და იმპლემენტაციასთან, მათ შორის, სპეციალური სახელმწიფო პროგრამების შექმნასთან არის დაკავშირებული, რაც სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების მხრიდან მნიშვნელოვანი ფინანსური, ორგანიზაციული და ადამიანური ძალისხმევის გაწევას გულისხმობს. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ, ამგვარ პირობებში, კანონმდებელი უფლებამოსილია, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისროს სუბიექტს, რომელიც მისი სარისკო სექსუალური ქცევის მეშვეობით, უშუალოდ წარმოადგენს ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საფრთხის წარმოქმნის რეალურ წყაროს.
საკონსტიტუციო სასამართლომ, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნებად, აგრეთვე, მიიჩნია არასრულწლოვანთა პროსტიტუციისგან დაცვა, სექსუალური ექსპლუატაციის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობრივი დანაშაულის პრევენცია. საკონსტიტუციო სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა არასრულწლოვანთა ინტერესებზე, კერძოდ, სასამართლოს აღნიშვნით, არასრულწლოვანთა მოწყვლადი ასაკიდან გამომდინარე, პროსტიტუციასთან დაკავშირებული ქმედებების ხელმისაწვდომობა საფრთხეს უქმნის მათ ჯანსაღ სექსუალურ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ და ინტელექტუალურ განვითარებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, არასრულწლოვანთა დაცვა იმ უარყოფითი ეფექტებისგან, რომლებიც თან ახლავს სექსუალური ქცევის კომერციალიზაციის ნორმალიზებას საზოგადოებრივ სივრცეში. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.
განჭვრეტადობის კონსტიტუციურ მოთხოვნასთან სადავო ნორმის შესაბამისობაზე მსჯელობისას, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავოდ გამხდარი ცნება - „პროსტიტუცია“ - აღწერს ადამიანთა ერთ-ერთ უძველეს აქტივობად მიჩნეულ, საყოველთაოდ ცნობილ სოციალურ ფენომენს. ამ კონტექსტში, არსებობს კონსენსუსი და საზოგადოებაში დამკვიდრებული აღქმა იმის თაობაზე, რომ, ზოგადად, პროსტიტუციით დაკავება დაკავშირებულია მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ სექსუალური მომსახურების გაწევასთან. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია საერთო სასამართლოების ან სხვა ავტორიტეტული ორგანოს პრაქტიკა, რომელიც სადავო ნორმის განუჭვრეტელ შინაარსს დაასაბუთებდა.
ზემოაღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, №1354 კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის სიტყვების „პროსტიტუცია“ და „იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.