სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციის ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია, თავმჯდომარის მოადგილე ვასილ როინიშვილი და სასამართლოს სამდივნოს საპროტოკოლო და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის მთავარი მრჩეველი ეკატერინე მჟავანაძე, მიმდინარე წლის 14–16 ოქტომბერს, სამუშაო ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკის დედაქალაქ სოფიაში იმყოფებოდნენ, სადაც მონაწილეობა მიიღეს ბულგარეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე „საკონსტიტუციო სასამართლოების როლი სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფაში“.

ღონისძიებაზე, რომელსაც ევროპის, აზიისა და აფრიკის 31 ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოების ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საკონსტიტუციო სასამართლოების შემადგენლობის დაკომპლექტებისა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო ორგანოების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოების გადაწყვეტილებათა აღსრულებასა და კრიზისულ ვითარებებში საკონსტიტუციო სასამართლოების საქმიანობის პრაქტიკაზე.

კონფერენცია ბულგარეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, პავლინა პანოვამ გახსნა. მისასალმებელი სიტყვებით ასევე წარდგნენ ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ეირიკ ჰოლმოივიკი, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მოსამართლე ალექსანდერ კორნეზოვი, ევროკავშირის საერთო სასამართლოს მოსამართლე მარიანა კანჩევა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე დიანა კოვაჩევა.

მონაწილეებს ვიდეომიმართვებით მიესალმნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი მათიას გიომარი და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტი კოენ ლენარტსი.