სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი  საერთაშორისო კონფერენცია თემაზე:  „საკონსტიტუციო კონტროლის როლი  სამართლებრივ სახელმწიფოში“

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი

 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე:

 „საკონსტიტუციო კონტროლის როლი  სამართლებრივ სახელმწიფოში“

 

  

2026 წლის  4 – 6 ნოემბერს, ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა სახელწოდებით:  „საკონსტიტუციო კონტროლის როლი  სამართლებრივ სახელმწიფოში“.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეებმა და მოსამართლეებმა.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, სამართალმცოდნეობის სფეროს წარმომადგენლები და აკადემიური პირები.

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ და ყურადღება გაამახვილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე კონსტიტუციის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში, ზოგადად საკონსტიტუციო კონტროლის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობისათვის.

საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. სასამართლოს ვიდეო მიმართვით  იუბილე მიულოცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა მათიას გიომარიმ, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლსა და მნიშვნელობას, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის ნდობაზე დაფუძნებულ პოზიტიურ თანამშრომლობას.

საერთაშორისო კონფერენციის სამუშაო თემატური სესია მოიცავდა ორ პანელს: ,,კონსტიტუციური წესრიგი და ადამიანის ძირითადი უფლებები“ და ,,საკონსტიტუციო კონტროლის განვითარების ისტორია“. მოხსენებებით გამოვიდნენ ქართველი და უცხოელი მოსამართლეები, მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები ევა გოცირიძე და გიორგი თევდორაშვილი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეოთხე სექციის პრეზიდენტი ლადო ჭანტურია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საიუბილეო საერთაშორისო კონფენერცია საუკეთესო პლატფორმა იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის სამართლებრივი პრაქტიკის გაზიარებისა და მათი დიალოგის თვალსაზრისით.