სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამუშაო შეხვედრა ბორჯომში

ბორჯომში მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია 2018 წელს საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების ანგარიშის პრეზენტაცია. ამასთანავე, გაიმართება სასამართლოს ინსტიტუციური განვითარების საკითხების განხილვა.

სამუშაო შეხვედრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ გახსნა, რომელმაც მადლობა გადაუხადა შეხვედრაში მონაწილე მხარეებს და დონორ ორგანიზაციებს საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერისათვის. შეხვედრის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართება კონსტიტუციური სამართალწარმოების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისა და ეფექტური წარმომადგენლობის საკითხების განხილვა. ასევე, შედგება შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის, რომლის მიზანი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის გაშუქებასთან დაკავშირებული პრაქტიკული პრობლემების განხილვა იქნება.

სამუშაო შეხვედრა 10 თებერვალს დასრულდება.