სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, მინდა ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს მოგილოცოთ საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღე

დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა. ჩვენი სახელმწიფო ზეიმობს მეორე კონსტიტუციის მიღებიდან 23 წლისთავს, რაც ღირსშესანიშნავი მოვლენაა დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში. 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა, ქვეყანაში არსებული ურთულესი პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის ფონზე, შეძლო დღეს მოქმედი ძირითადი კანონის მიღება. 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარებას და ჩვენი ქვეყანა ლიბერალურ-დემოკრატიული სისტემის საწყისებზე დააბრუნა.

ნიშანდობლივია, რომ 100 წლის წინ, თავისუფალი საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შესახებ, რასაც უდიდესი ადგილი უჭირავს ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში. 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიუთითებს ქართველი ერის ისტორიულ სწრაფვაზე დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისაკენ. სწორედ მის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენდა 1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღება, რომელშიც გონივრულად იყო შეჯერებული მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის გამოცდილება და საერთო ეროვნული საწყისები. სამწუხაროდ, პირველი ქართული კონსტიტუცია, საბჭოთა ოკუპაციისა და შემდგომი ანექსიის გამო, რეალურად ვერ ამოქმედდა და მიუხედავად მისი პროგრესულობისა, მოკრძალებული წვლილი შეიტანა ქვეყნის სამართლებრივი ტრადიციების განმტკიცებაში. შესაბამისად, სწორედ დღეს მოქმედი 1995 წლის კონსტიტუცია გვევლინება საქართველოს დემოკრატიული განვითარების სამართლებრივ ჩარჩოდ.

სახელმწიფოს მართვა-გამგეობის მოდელისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ჩამოყალიბების პარალელურად, კონსტიტუცია თავისთავად განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის განვითარების ძირითად მიმართულებებს. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის ძირეული პრინციპები და ღირებულებები, რომლებიც მოცემულია კონსტიტუციის პრეამბულაში - „დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა“ წარმოადგენს თანამედროვე ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფოს ბაზისს.

საქართველოს კონსტიტუციის დაცვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარანტს სწორედ რომ საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს, რომლის ძირეული მიზანი კონსტიტუციის უზენაესობის უზრუნველყოფაა. დღევანდელი გადასახედიდან შეგვიძლია ამაყად ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ჩამოყალიბდა, როგორც ქვეყნის კონსტიტუციასა და კანონის პატივისცემაზე ორიენტირებული სახელმწიფო ორგანო. დაარსებიდან დღემდე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლებმაც ღირებული გავლენა იქონიეს ჩვენი ქვეყნის სამართლებრივ სისტემაზე და ხელი შეუწყეს თითოეული ინდივიდის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. საკონსტიტუციო სასამართლომ წარმატებით შეძლო გამხდარიყო ობიექტური, მიუკერძოებელი და ავტორიტეტული სახელმწიფო ორგანო, რომლის საქმიანობის ამოსავალი კონსტიტუციური მართლწესრიგისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვაა.

დღეს, საქართველოს კონსტიტუციის 23 წლისთავზე, ჩვენი სახელმწიფო განვითარების ახალ მიჯნაზე დგას. მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოგილოცოთ საქართველოს კონსტიტუციის დღე და ვისურვო, რომ საქართველოს წინსვლა და განვითარება შეუქცევადად გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონის მიზნებთან ერთად.