სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მონიტორინგის ანგარიშის შესახებ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიესალმება საზოგადოების აქტიურ დაინტერესებას სასამართლოს საქმიანობის მიმართ. მივიჩნევთ, რომ დასაბუთებული კრიტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასამართლოს განვითარებისათვის და ეხმარება მას კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებაში. შესაბამისად, მეტად ღირებულია სამოქალაქო საზოგადოების როლი საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში.
ამავე დროს, მნიშვნელოვანია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შეფასებისას სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა დასკვნები დადასტურებულ, გადამოწმებულ ინფორმაციაზე დააფუძნონ. გადაუმოწმებელ, არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებული შეფასებები, ერთი მხრივ, არ უზრუნველყოფს არსებული ხარვეზების სწორად იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრას, ხოლო, მეორე მხრივ, შეიცავს სასამართლოს ავტორიტეტისა და სანდოობის დაზიანების რისკებს, რაც საბოლოო ჯამში შესაძლოა უარყოფითად აისახოს კონსტიტუციური კონტროლის ეფექტიან განხორციელებაზე.
განსაკუთრებით სიფრთხილეს მოითხოვს ინფორმაციის გავრცელება კონფიდენციალურ საკითხებთან (თათბირის საიდუმლოება, დისციპლინური სამართალწარმოება და სხვა) დაკავშირებით. ასეთ შემთხვევებში, ინფორმაციის შინაარსის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გააკეთოს განმარტება გავრცელებული ინფორმაციის სისწორესთან დაკავშირებით, უარყოს ან დაადასტუროს იგი. დაუდასტურებელი ფაქტების გავრცელებამ კი შესაძლოა გამოიწვიოს საზოგადოებაში საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შესახებ არასწორი წარმოდგენების შექმნა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონიტორინგის პროცესში და ითანამშრომლონ სასამართლოსთან კონსტიტუციური კონტროლის ხარვეზების აღმოსაფხვრელად. სასამართლო მუდმივად ცდილობს მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას მისი საქმიანობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში, პირველად უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საზოგადოებას წარუდგინა ინფორმაცია საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების თაობაზე. ხსენებული დოკუმენტი შეიცავს დეტალურ ინფორმაციას გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ, განხილული საქმეების რაოდენობრივ და შინაარსობრივ მიმოხილვას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ღიაა იმ საკითხებზე დისკუსიისთვის, რომლებიც არ შეიცავს თათბირის საიდუმლოს ან სხვა სახის კონფიდენციალურ ინფორმაციას. ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების წევრები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან სასამართლოს მონიტორინგის პროცესს და დაუსაბუთებელი განცხადებებით არ მოახდენენ სასამართლოს დისკრედიტაციას.