სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ანა ჯალაღონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2017 წლის 28 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არსებითად განსახილველად არ მიიღო №930 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ანა ჯალაღონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

№930  კონსტიტუციური სარჩელით დავის საგანს წარმოადგენდა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის ის დებულებები, რომლებიც განსაზღვრავს ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესსა და მისი აღსრულების პროცედურას.

მოსარჩელის მტკიცებით, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმების საფუძველზე, ნოტარიუსს აქვს შესაძლებლობა, სააღსრულებო ფურცელი გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნის გარეშე.  შესაბამისად, სადავო ნორმით ირღვევა მისი კონსტიტუციური უფლებები, რამდენადაც სააღსრულებო ფურცლის გაცემისას არ მოწმდება კრედიტორის მოთხოვნის საფუძვლიანობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ამაზე წინასწარ შეთანხმდებიან. ამდენად, სადავო ნორმა განსაზღვრავს მხარეთა შორის არსებული შეთანხმების აღსრულების წესს. სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არის სახელმწიფო ვალდებული არ ცნოს მხარეებს შორის დადებული მსგავსი შეთანხმებები და არ აღასრულოს იგი. ხსენებულის დასასაბუთებლად სათანადო არგუმენტაცია სარჩელში წარმოდგენელი არ ყოფილა. შესაბამისად, სასამართლომ ამ ნაწილში დაუსაბუთებლად სცნო იგი.  

მოსარჩელე ასევე მიუთითებდა, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულებას არ აჩერებს მისი სასამართლოში გასაჩივრება. მისი აზრით, ხსენებულმა შესაძლოა მხარეს ისეთი გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს, რომელიც ვერ დაკომპენსირდება, მათ შორის, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით. 

საკონსტიტუციო სასამართლომ საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში კანონმდებლობა უშვებს მისი აღსრულების შეჩერებას. საერთო სასამართლოები სააღსრულებო ფურცლის აღსრულებას აჩერებენ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ფორმით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილშიც დაუსაბუთებლად მიიჩნია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე,  №930 კონსტიტუციური სარჩელი არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.

დავის საგანი: „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-5 პუნქტის მე-2 წინადადების, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 44-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.