სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საქმეზე „„საქართველოს მოქალაქეები - ივანე პეტრიაშვილი და ირაკლი ულუმბელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2017 წლის 16 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიღო განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ივანე პეტრიაშვილი და ირაკლი ულუმბელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (რეგისტრაციის №1218). სასამართლომ დაკმაყოფილა მოსარჩლე მხარის მოთხოვნა და ძალადაკარგულად ცნო „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება, რომლის თანახმადაც, სპეციალური პენიტენციალური სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილ/გათავისუფლებულ მოსამსახურეს იძულებით გაცდენილი პერიოდისათვის ხელფასი მიეცემოდა არაუმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

№1218 კონსტიტუციური სარჩელის ავტორები მიუთითებდნენ, რომ სადავო ნორმას ჰქონდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსი და მოითხოვდნენ მის ძალადაკარგულად ცნობას გამარტივებული წესით, საქმის არსებითი განხილვის გარეშე.

№2/3/630 გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ნორმა, რომელიც ითვალისწინებდა საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისათვის კომპენსაციის სახით იძულებით გაცდენილი პერიოდისათვის შრომითი ანაზღაურების მიცემას არა უმეტეს 3 თვის ოდენობით. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმა ზღუდავდა საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირებისათვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების კონსტიტუციურ პრინციპს და ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს.

საკონსტიტუციო სასამრთლომ დაადგინა, რომ №1218 კონსტიტუციური სარჩელის სადავო ნორმა ანალოგიურად ზღუდავდა სპეციალური პენიტენციალური სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სპეციალური პენიტენციალური სამსახური არის საჯარო სამსახურის ერთ-ერთი სპეციფიკური სახე, ხოლო საჯარო სამსახურის თავისებურებები და სპეციფიკა გავლენას არ ახდენს იმ კონსტიტუციური პრინციპზე, რომლის თანახმადაც პირს სრულად უნდა აუნაზღაურდეს სახელმწიფო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებით მიყენებული ზარალი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა მიჩნეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო საქმის არსებითი განხილვის გარეშე.