სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საქმეზე „ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
2017 წლის 16 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიღო განჩინება საქმეზე „ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1214). სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად ცნო რიგი სადავო ნორმები.
N1214 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ იყო გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები, რომლებიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალიწინებულ რიგ სასამართლო მოქმედებებზე იურიდულ და ფიზიკურ პირებს ადგენდნენ განსხვავებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობას. ერთ-ერთი სადავო ნორმა ასევე ადგენდა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის განსხვავებული ბაჟის ოდენობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვისას.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმების მსგავსი შინაარსის ნორმები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარსულში, 2016 წლის 29 დეკემბერის №2/6/623 გადაწყვეტილებით უკვე სცნო არაკონსტიტუციურად. შესაბამისად, მოითხოვდა მის ძალადაკარგულად ცნობას გამარტივებული წესით, საქმის არსებითი განხილვის გარეშე.
2016 წლის 29 დეკემბერის №2/6/623 გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები, რომლებიც სამოქალაქო პროცესში სასამართლოს მიერ განხორციელებულ რიგ საპროცესო მოქმედებებზე იურიდიულ პირებისათვის ფიზიკურ პირებთან შედარებით, ადგენდა უფრო დიდი ოდენობის სახელმწიფო ბაჟს. ხსენებულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ბაჟის დაწესება დაუსაბუთებელი სარჩელებისაგან სასამართლოს გადატვირთვის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად, თუმცა, ხსენებული მიზნით სახელმწიფო ბაჟის დაწესება ერთნაირად ეფექტურია, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირების მიმართ. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ იქნა მიჩნეული.
სასამართლომ დაადგინა, რომ №1214 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი იმ ნორმებს, რომლებიც სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში აწესრიგებენ ბაჟის საკითხს, აქვთ №2/6/623 გადაწყვეტილებით გაუქმებული ნორმების იდენტურ შინაარსი. ხოლო, საკონსტიტუციო სასამართლოში მომართვისათვის ბაჟის განსხვავებული ოდენობის დამდგენ ნორმებთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, სამოქალაქო და საკონსტიტუციო სამართალწარმოებებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები, თუმცა მოცემულ შემთხვევებში იდენტურია სახელმწიფო ბაჟის დაწესების მიზნები და დანიშნულება. შესაბამისად, განსხვავებული სამართალწარმოებების არსებობა ვერ ჩაითვლება იმგვარ არსებით განსხვავებად, რის გამოც აუცილებელი იქნებოდა სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საქმის არსებითი განხილვის ფორმატში დამატებით შესწავლა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები მიჩნეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბერის №2/6/623 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმებად და ცნობილ იქნა ძალადაკარგულად.
დავის საგანი: ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ბ“, „ბ.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ბ) „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარი“, „თ1“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარი“, „ი“ ქვეპუნქტის სიტყვების: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 300 ლარი“, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“, „ბ.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.