სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - როინ გავაშელიშვილი და ვალერიანე მიგინეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

2017 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - როინ გავაშელიშვილი და ვალერიანე მიგინეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ" (კონსტიტუციური სარჩელები N629, N652).

მოსარჩელე ვალერიანე მიგინეიშვილმა უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით N652 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე შეწყდა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა როინ გავაშელიშვილის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N629) და არაკონსტიტუციურად ცნო „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ის ნორმა, რომელიც 2013 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართულ პირებს უზღუდავდა აღნიშნული პროგრამით სრულად სარგებლობის უფლებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმის მიხედვით, უთანასწორო მდგომარეობაში იყვნენ ჩაყენებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით სრულად მოსარგებლე პირები და, პირები, რომლებიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო აღარ არიან ჩართული კერძო სადაზღვევო სქემებში. აღნიშნულ კატეგორიაში მყოფ პირებს უფლება ჰქონდათ, ესარგებლათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მხოლოდ შეზღუდული მოცულობით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული უთანასწორო მოპყრობა არ ხდებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული კლასიკური ნიშნის საფუძველზე და არ იყო ინტენსიური. შესაბამისად, უთანასწორო მოპყრობის კონსტიტუციურობა რაციონალური დიფერენციაციის ტესტის გამოყენებით შეფასდა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ სადავო ნორმით გათვალისწინებული დიფერენცირების გამართლებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის შესაძლო გაზრდის საფრთხეზე მითითება ვერ ჩაითვლება დიფერენცირების რაციონალურობის დასაბუთებად. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის კატეგორიაში მყოფ პირებს შესაძლებლობა არ აქვთ, ისარგებლონ იმ სამედიცინო მომსახურებით, რომელიც წარმოადგენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დროულად აღმოჩენისა და ეფექტური პრევენციის პირველ ეტაპს. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მსგავსი კატეგორიის პირებისათვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება სრულად ანაზღაურდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ვალდებული ხდება, გასწიოს იმავე ან გაცილებით დიდი ოდენობის ხარჯი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხე მხარის არგუმენტაცია კერძო სადაზღვევო კომპანიების ბენეფიციართა ხელოვნურ გადინებასთან დაკავშირებით. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული პრობლემის მოგვარება შესაძლებელია კერძო სადაზღვევო სექტორთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობისა და სფეროს უკეთ რეგულირების გზით. ამგვარი მექანიზმების არარსებობა ვერ გამოდგება თანასწორობის უფლების შეზღუდვის რაციონალურობის მტკიცებისა თვითკმარ საფუძვლად.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს კერძო დაზღვევით სარგებლობას და, იმავდროულად, მხოლოდ ნაწილობრივ სარგებლობს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებით, მას ფაქტობრივად სხვა გზა აღარ რჩება, გარდა იმისა, რომ ეძებოს დაფინანსების ალტერნატიული წყაროები ან საერთოდ უარი თქვას მკურნალობაზე გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევის დადგომამდე. პირთა მსგავსი კატეგორიისათვის საბაზისო პაკეტით მხოლოდ შეზღუდულად სარგებლობის შესაძლებლობის მინიჭება ობიექტურად ვერ მოემსახურება კერძო სადაზღვევო სექტორის დაცვას და იწვევს დაუსაბუთებელ დიფერენცირებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სადავოდ გამხდარი ნორმა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას.