სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2017 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №626) და ნაწილობრივ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა.

კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსის მე-60 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან (სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება) მიმართებით.

ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსის მე-60 მუხლის პირველი პუნქტი (კონსტიტუციურ სარჩელის შემოტანის დროს მოქმედი რედაქცია) მუნიციპალიტეტის

გამგებელს/მერს ანიჭებდა გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დასაბუთების გარეშე გათავისუფლების უფლებამოსილებას. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ახალი გამგებლის/მერის არჩევისას სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს უფლებამოსილება ავტომატურად უწყდებოდა.

კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი წარმოადგენს პროფესიულ მოხელეს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისათვის და მისი გამგებლის/მერის უფლებამოსილების ვადით დანიშვნა ან/და სამსახურიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლება, სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვას იწვევს.

ამავე დროს, სასამართლომ მიუთითა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მისი კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა და მათი შენარჩუნება. ამის საპირისპიროდ სადავო ნორმა ითვალისწინებს ახალი გამგებლის არჩევისთანავე სტრუქტურული ერთეულის ხელმღვანელს უფლებამოსილების შეწყვეტას მისი კვალიფიკაციის გამოკვლევის გარეშე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სადავო ნორმები.