სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2017 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №550) და ნაწილობრივ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა.

№550 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ითხოვდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლისა და 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

სადავო ნორმები ადგენს, საჯარო რეესტრში მესაკუთრედ არასწორად რეგისტრირებული პირის მიერ საკუთრების გასხვისებისას, კეთილსინდისიერი შემძენის დამცავ წესებს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც რეესტრში მესაკუთრედ არასწორად რეგისტრირებული პირისაგან იძენს ქონებას, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია, ვინაიდან იძლევიან ქონების მესაკუთრის მონაწილეობის გარეშე, მესაკუთრედ არასწორად რეგისტრირებული პირის მიერ უძრავი ნივთის გასხვისების შესაძლებლობას. მოპასუხე მხარე კი მიუთითებდა, რომ სადავო ნორმებით დადგენილი ღონისძიება ემსახურება სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის, საჯარო რეესტრის ჩანაწერისადმი სანდოობის და საკუთრების შეძენის პროცესის სიმარტივისა და სიიაფის უზრუნველყოფას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, შეაფასა სადავო ნორმების მხოლოდ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც კეთილსინდისიერ შემძენს იცავს საბაზრო გარიგებების დადებისას, ანუ  ისეთი ტრანზაქციებისას, რომელიც დადებულია ბაზრის ორ დამოუკიდებელ მონაწილეს შორის და რომლის ფარგლებშიც ორივე მხარე მოქმედებს სარგებლის მიღების მიზნით.

სასამართლოს განმარტებით, კეთილსინდისიერი შემძენის დავალდებულება, უძრავი ქონების შეძენისას გადაამოწმოს რეგისტრირებული მესაკუთრის უფლების გამომრიცხველი ყველა გარემოება, ერთი მხრივ, აზრს დაუკარგავდა საჯარო რეესტრის არსებობას, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვანად გაართულებდა და გააძვირებდა საკუთრების შეძენის პროცესს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელი უფლებამოსილია შექმნას ქონების ყიდვა-გაყიდვის ისეთი სისტემა, რომლის ფარგლებშიც შემძენი არ არის ვალდებული, საკუთარი ინიციატივით, გადაამოწმოს საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორე.

მეორეს მხრივ, სასამართლომ მიუთითა, რომ რეგულირება არ უნდა უწყობდეს ხელს შემძენის მხრიდან საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას. კანონმდებელმა არ უნდა შექმნას ისეთი სისტემა, რომლის ფარგლებშიც შემძენს შეუძლია უგულებელყოს მისთვის ცნობილი ინფორმაცია რეესტრის ჩანაწერის სისწორის საეჭვოობასთან დაკავშირებით. სასამართლოს პოზიციით, იმ პირობებში, როდესაც შემძენი ინფორმირებულია საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორეზე დავის არსებობის თაობაზე, მან უნდა გადაამოწმოს გამსხვისებლის უფლების ნამდვილობის შესახებ ინფორმაცია ან ატაროს საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობიდან მომდინარე რისკი. ასეთ შემთხვევებში გაუმართლებელია, ჩანაწერის სიმცდარის ტვირთის თავდაპირველ მესაკუთრეზე დაკისრება და კეთილსინდისიერი შემძენის მესაკუთრედ ცნობა.

სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი კეთილსინდისიერ შემძენს იცავს იმ შემთხვევაშიც, როდესაც რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილია საჩივარი და  შემძენმა იცის ამის შესახებ. შესაბამისად, სადავო ნორმის ხსენებული ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად სცნო.

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ზოგადად, სადავო ნორმა შეეხება ურთიერთობებს, რომლის ფარგლებშიც, ერთსა და იმავე ქონებაზე სამართლებრივი ინტერესი გააჩნია ორ კეთილსინდისიერ მხარეს. შესაბამისად, შეუძლებელია ამ ურთიერთობის დარეგულირება რომელიმე მხარის ინტერესების შეზღუდვის გარეშე. ამავე დროს, ამ შემთხვევაში ქონების პირველადი მესაკუთრის ინტერესებს უპირისპირდება არა მხოლოდ კეთილსინდისიერ შემძენის კერძო ინტერესები, არამედ  სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის, სიმარტივისა და სიიაფის საჯარო ინტერესი. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როცა შემძენმა არ იცის საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის ან ჩანაწერის წინააღმდეგ საჩივრის არსებობის შესახებ, მისი ქონების მესაკუთრედ ცნობით კანონმდებელი არ არღვევს გონივრულ ბალანსს შეზღუდულ უფლებასა და შეზღუდვის შედეგად დაცულ სამართლებრივ სიკეთეს შორის.

გადაწყვეტილებას ერთვის მოსამართლეების გიორგი კვერენჩხილაძის, ირინე იმერლიშვილის და მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი.