სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ირინე იმერლიშვილი კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის IV კონგრესში მონაწილეობენ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ირინე იმერლიშვილი კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის IV კონგრესში მონაწილეობენ, რომელიც 11-14 სექტემბერს ვილნიუსში, ლიტვის საკონსტიტუციო სასამართლოს მასპინძლობით იმართება.

კონგრესი დღეს ოფიციალურად გახსნეს ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვიცე -პრეზიდენტმა ლინოს-ალეხანდრე სიცილიანომ.

კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად აერთიანებს 110 ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოებს და რელევანტურ ინსტიტუტებს ევროპის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის, აზიის და აფრიკის კონტინენტებიდან. კონფერენციის ძირითადი თემაა - კანონის უზენაესობა და კონსტიტუციური მართლმსაჯულება თანამედროვე მსოფლიოში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და სასამართლოს წევრი ირინე იმერლიშვილი კონგრესის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებთან და წარმომადგენლებთან.

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მხარდაჭერით, მსოფლიო კონფერენცია ჩამოყალიბდა როგორც მუდმივი ორგანო, რომლის მიზანია კონსტიტუციური მართლმსაჯულების და ადამიანის უფლებების განვითარების ხელშეწყობა, საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეებს შორის სამართლებრივი დიალოგის გაღრმავება.

კონგრესი ოფიციალურად 14 სექტემბერს დაიხურება.