სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საქმეზე “საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”

2017 წლის 8 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N1238) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა რეგულაციას, რომლის თანახმად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლის ვადით ჩამოერთმევა სხვადასხვა სამოქალაქო უფლებები, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის, პასიური საარჩევნო, საექიმო, ფარმაცევტული, საადვოკატო, პედაგოგიური საქმიანობის და სხვა უფლებები. მოსარჩელე საკუთარი მოთხოვნის დასაბუთების მიზნით მიუთითებდა, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვის კონსტიტუციურ სტანდარტს და სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა მოსარჩელის პოზიციას, თუ რატომ ეწინააღმდეგება სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.

ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ დაუსაბუთებლობის მოტივით სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობა არ აბრკოლებს შესაბამისი არგუმენტაციით დასაბუთების შემთხვევაში სადავო ნორმის კვლავ გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში.

განჩინება მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ.

დავის საგანი: „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 32-ე მუხლთან და 46-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.