სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს მოქალაქეების - ავთანდილ ბარამიძის, გივი მითაიშვილის, ნუგზარ სოლომონიძის და სხვების (სულ 326 სარჩე

2017 წლის 7 სექტემბერს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს მოქალაქეების - ავთანდილ ბარამიძის, გივი მითაიშვილის, ნუგზარ სოლომონიძის და სხვების (სულ 326 სარჩელი) კონსტიტუციური სარჩელების განმწესრიგებელი სხდომა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელეები ასაჩივრებენ ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის ქონას, აგრეთვე, სააგენტოსათვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და შენახვის უფლებამოსილების მინიჭებას. მოსარჩელეთა მტკიცებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას, სატელეფონო და ინტერნეტკომუნიკაციაზე პირდაპირი წვდომა, ისევე, როგორც მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და შენახვის შესაძლებლობა, არ უნდა ჰქონდეს ამგვარი მონაცემების შეგროვებაზე პროფესიულად დაინტერესებულ ორგანოს. სააგენტოს ინსტიტუციური მოწყობის, დაკომპლექტების წესისა და ფუნქციების გათვალისწინებით, მოსარჩელეები მას სწორედ ასეთ პროფესიულად დაინტერესებულ უწყებად მიიჩნევენ. მათი აზრით, ამასთან, სააგენტოს საქმიანობაზე არ არსებობს ეფექტური გარე კონტროლის მექანიზმები, რაც ზრდის ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის რისკებს.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად 2016 წლის 14 აპრილის N1/1/625,640 გადაწყვეტილებით. შესაბამისად, ისინი ითხოვენ სადავო ნორმების არსებითად განხილვის გარეშე, განმწესრიგებელ სხდომაზე ძალადაკარგულად ცნობას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.