სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლამ სტუდენტების მეათე, საიუბილეო ნაკადს უმასპინძლა
საზაფხულო სკოლის დახურვის ცერემონიალი 3 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა. ღონისძიება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ლალი ფაფიაშვილმა გახსნა და სტუდენტებს მისალოცი სიტყვით მიმართა.
„მინდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და თავმჯდომარის, ბატონი ზაზას სახელით, მოგილოცოთ ჩვენი საზაფხულო სკოლის წარმატებით დამთავრება. ვიცი, რომ კარგი შედეგები გამოავლინეთ და მინდა წინსვლა გისურვოთ პროფესიულ საქმიანობაში. იმედს ვიტოვებ, გამოთქვამთ სურვილს მოღვაწეობა საკონსტიტუციო სასამართლოში გააგრძელოთ. სასამართლოს ამ მხრივ კარგი გამოცდილება აქვს, საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულთა უმრავლესობა ამჯერადაც დასაქმებულია საკონსტიტუციო სასამართლოში“ - აღნიშნა ლალი ფაფიაშვილმა
მონაწილეებს, საზაფხულო სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცა USAID-ის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაკიძემ
სკოლის მსმენელებს - საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის 27 სტუდენტს, საზაფხულო სკოლის წარმატებით დამთავრების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ. 27 მსმენელისგან 7 საუკეთესო გამოვლინდა, მათ შორის იმიტირებული სასამართლო პროცესის 2 საუკეთესი მონაწილე. საუკეთესო მსმენელებს სიმბოლური საჩუქარი - მოსამართლის ჩაქუჩი გადაეცათ.
წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ საკონსტიტუციო სასამართლოში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა EU4Justice: სასამართლოს მხარდაჭერის პროექტისა და "USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამა “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (EWMI/PROLoG) ფინანსური მონაწილეობით საზაფხულო სკოლა „კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი“ ოფიციალუირად 24 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიხსნა და მსმენელებმა, ორი კვირის განმავლობაში მოისმინეს ლექციები შემდეგ თემებზე: სასამართლო კონტროლის სხვადასხვა მოდელები; სისხლის სამართლის პროცესში მოქმედი კონსტიტუციური სტანდარტები და საერთაშორისო ნორმები; რელიგიის და გამოხატვის თავისუფლება.
ლექციებს უძღვებოდნენ როგორც ქართველი ასევე უცხოელი ლექტორები, მათ შორის: რიჩარდ ვოგლერი, სასექსის უნივერსიტეტის პროფესორი; ბრიჯიტ არიმონდი, ნორსვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორი; ნატან სეილსი, სირაკუზის უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯის პროფესორი; ჯეიმს პ. კელი, ამერიკის სამართლისა და მართლმსაჯულების სოლიდარობის ცენტრის პრეზიდენტი, ატლანტა, ჯორჯიის შტატი; ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლები და უნივერსიტეტების პროფესორები.
საზაფხულო სკოლის მიზანია მომავალი იურისტების პროფესიული ცოდნის ამაღლება კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის, კონკურსის შედეგად შეირჩა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის 27 საუკეთესო სტუდენტი. ლექციები უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართლის საზაფხულო სკოლა პირველად 2008 წელს ჩატარდა და წელს აღნიშნავს 10 წლის იუბილეს.