სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა სტუდენტების მეათე, საიუბილეო ნაკადს მასპინძლობს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა სტუდენტების მეათე, საიუბილეო ნაკადს მასპინძლობს.
საზაფხულო სკოლა ოფიციალურად გაიხსნება 24 ივლისს, 09:30 ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში. სკოლის მსმენელები ორი კვირის განმავლობაში მოისმენენ ლექციებს შემდეგ თემებზე: სასამართლო კონტროლის სხვადასხვა მოდელები; სისხლის სამართლის პროცესში მოქმედი კონსტიტუციური სტანდარტები და საერთაშორისო ნორმები; რელიგიის და გამოხატვის თავისუფლება. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზაზა თავაძე, EU4Justice: სასამართლოს მხარდაჭერის პროექტისა და "USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამა “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (EWMI/PROLoG) წარმომადგენლები.
საზაფხულო სკოლის ლექციებს გაუძღვებიან ქართველი და უცხოელი ლექტორები. მათ შორის: რიჩარდ ვოგლერი, სასექსის უნივერსიტეტის პროფესორი; ბრიჯიტ არიმონდი, ნორსვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორი; ნატან სეილსი, სირაკუზის უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯის პროფესორი; ჯეიმს პ. კელი, ამერიკის სამართლისა და მართლმსაჯულების სოლიდარობის ცენტრის პრეზიდენტი, ატლანტა, ჯორჯიის შტატი; ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლები და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორები.
საზაფხულო სკოლის მიზანია მომავალი იურისტების პროფესიული ცოდნის ამაღლება კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის, კონკურსის შედეგად შეირჩა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის 27 საუკეთესო სტუდენტი. ლექციები უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
საზაფხულო სკოლა 20 ივლისიდან თბილისში დაიწყო. 20-21 ივლისს სკოლის მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ესტუმრნენ, შეხვდნენ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებს, მოისმინეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების საჯარო ლექციები, ეწვივნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში USAID-ის წარმომადგენლებსა და, ასევე, შეხვდნენ EU4Justice სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელს, მოსამართლე რენატე ვინტერს.
საზაფხულო სკოლის დახურვის ცერემონიალი გაიმართება 3 აგვისტოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ საკონსტიტუციო სასამართლოში.
კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართლის საზაფხულო სკოლა პირველად 2008 წელს ჩატარდა. მას შემდეგ სკოლა, იურიდიული პროფესიის სხვადასხვა დარგში, ლიდერებს ამზადებს. მათი უმრავლესობა წამყვან თანამდებობებს იკავებენ, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.