სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს იუ-სი-ჯი გრინ ფაუერი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
2017 წლის 21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „შპს იუ-სი-ჯი გრინ ფაუერის“ კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N680) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 152-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ საკუთრების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმა სისხლის სამართლის საქმეზე ქონების დაყადაღებისას, აუცილებლობის შემთხვევაში, იძლევა ქონებით სარგებლობის აკრძალვის შესაძლებლობას. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ყადაღის დადება მხოლოდ ქონების განკარგვის აკრძალვით უნდა შემოიფარგლებოდეს და არ უნდა ვრცელდებოდეს მის სარგებლობაზე.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქონებაზე ყადაღის დადება ემსახურება ისეთ მნიშვნელოვან საჯარო ინტერესებს, როგორიცაა: გამოძიებისთვის ხელშეშლის თავიდან აცილება, დანაშაულთან ეფექტური ბრძოლა და მართლმსაჯულების აღსრულების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ ყადაღის გამოყენების მიზნები, რიგ შემთხვევებში, მიუღწეველი/განუხორციელებელი დარჩება ქონების სარგებლობის აკრძალვის გარეშე. სარგებლობის აკრძალვის საჭიროება შესაძლებელია წარმოშვას სხვადასხვა გარემოებამ, მათ შორის, დასაყადაღებელი ქონების როლმა და დანიშნულებამ დანაშაულის ჩადენის/მომზადების პროცესში.
საკონსტიტუციო სასამართლოს ხაზი გაუსვა საკუთრების უფლების მნიშვნელობას და მისი ეფექტური დაცვის აუცილებლობას. ამავე დროს, სასამართლომ მიუთითა, რომ კერძო პირის ინტერესი, ისარგებლოს საკუთარი ქონებით, ყოველთვის ვერ გადაწონის საზოგადოებრივი უსაფრთხოების და დანაშაულის თავიდან აცილების საჯარო ინტერესებს. იმ შემთხვევაში, როდესაც ქონებით სარგებლობის აკრძალვა აუცილებელია მძიმე დანაშაულის პრევენციისათვის საკუთრების უფლების ამ ფორმით შეზღუდვა არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს.