სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სტუ-ის საზაფხულო სკოლას უმასპინძლა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მიმდინარე წლის 13-18 ივლისს, უკვე მეხუთედ, უმასპინძლა საზაფხულო სკოლას „საკონსტიტუციო სამართალწარმოება“.
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, ამავე უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩევლები საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრაქტიკულ ასპექტებზე ესაუბრნენ, ლექციებზე მიმოიხილეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები. სალექციო კურსის პარალელურად სტუდენტები სასამართლოში მიმდინარე პროცესებსაც ესწრებოდნენ.
დასასრულს, საზაფხულო სკოლის მონაწილეებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე მიესალმა და სტუდენტები საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატებით დააჯილდოვა.