სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესს ბათუმში უმასპინძალა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესს ბათუმში უმასპინძალა. კონგრესს დაესწრო 40-ზე მეტი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს და რელევანტური ინსტიტუტის დელეგატი.
უცხოელი მონაწილეების გარდა მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
XVII კონგრესის თემა იყო „საკონსტიტუციო სასამართლოების როლი კონსტიტუციური პრინციპების დაცვასა და გამოყენებაში“.
უცხოელი დელეგაციები ბათუმს 28 ივნისს ეწვივნენ. ამავე საღამოს სასტუმრო „შერატონში“გაიმართა მიღება საქართველოს პრეზიდენტის სახელით, სადაც მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ და საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმართეს

29 ივნისს, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესი ოფიციალურად გახსნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ. მან აღნიშნა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, პირველად, მისი არსებობის ისტორიაში, აქვს განსაკუთრებული პრივილეგია, თავმჯდომარეობდეს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესს და უმასპინძლოს ევროპის მრავალი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოებისა და რელევანტური ინსტიტუტების მოსამართლეებს, ასევე საერთაშორისო და ეროვნული კონსტიტუციური მართლმსაჯულების ორგანოთა წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

„საქართველოს, როგორც ევროკავშირის ერთადერთი არაწევრი ქვეყანა ბოლო 20 წლის განმავლობაში, პატივი ხვდა გამხდარიყო ამ უაღრესად პრესტიჟული, სრული ევროპული მასშტაბის გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანა. ყოველივე ეს, ეჭვგარეშეა, გამოხატავს ჩვენი ევროპელი კოლეგების დიდ ნდობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი, წარმოადგენს მისი საქმიანობის საერთაშორისო აღიარებას, ისევე როგორც ახდენს ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებების, საქართველოში დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფო სისტემის განვითარების ნათელ ლუსტრაციას” - აღნიშნა ზაზა თავაძემ.
XVII კონგრესის საზეიმო გახსნის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.
კონგრესზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის რეგიონული და ლინგვისტური ჯგუფების ხელმძღვანელები.
XVII კონგრესის მთავარი მომხსენებელი (general rapporteur) იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ლალი ფაფიაშვილი, რომელმაც ძირითადი ანგარიში წარმოადგინა კონგრესის თემაზე „საკონსტიტუციო სასამართლოების როლი კონსტიტუციური პრინციპების დაცვასა და გამოყენებაში“.

29 ივნისს, XVII კონგრესის მონაწილეებისთვის ბათუმის პიაცაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით საზეიმო გალა-კონცერტი გაიმართა.
უცხოელი სტუმრებისთვის ცნობილი სიმღერები შეასრულეს - ნანი ბრეგვაძემ, ეკა მამალაძემ, ნინო ქათამაძემ, სოფიო ნიჟარაძემ და ზვიად ბოლქვაძემ. მათ აკომპანიმენტს უწევდა ნიკოლოზ რაჭველი ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. კონცერტში მონაწილეობდა ბათუმის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ხორუმი“ და აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი “ბათუმი”. 2 საათიანი კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

XVII კონგრესი 30 ივნისს დასკვნითი სესიით დასრულდა. ამავე დღეს გაიმართა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის თავმჯდომარეთა შეხვედრა, სადაც კენჭისყრის შედეგად გადაწყდა რომ XVIII კონგრესს 2017-2020 წლებში უმასპინძლებს ჩეხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლო, ხოლო 2020-2023 წლებში XIX კონგრესის თავმჯდომარეობას გადაიბარებს მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლო. აღსანიშნავია, რომ პირველად ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის ისტორიაში, გადაწყვეტილება იქნა მიღებული არა მხოლოდ მომდევნო, XVIII კონგრესის, არამედ, XIX კონგრესის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებითაც. შესაბამისად, ორი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს კონგრესის თავმჯდომარეობის საკითხი დადებითად გადაწყდა.


შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მაისში, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVI კონგრესის თავმჯდომარეთა შეხვედრაზე, ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლომ 3 წლით ვადით გადასცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის თავმჯდომარეობა.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის სექტემბერში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა როტაციის, არამედ კენჭისყრის საფუძველზე.
კონგრესში მონაწილე 41 ევროპული ქვეყნიდან აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხოლოდ რუსეთმა არ დაუჭირა მხარი.

კონგრესის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ უცხოელი სტუმრებისთვის 1 ივლისს მოეწყო სოციალური პროგრამა, რომლის ფარგლებში დელეგაციებმა მოინახულეს პრომეთეს მღვიმე, გელათის სამონასტრო კომპლექსი და მოწამეთა.