სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესს მასპინძლობს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესს მასპინძლობს, რომელიც ოფიციალურად დღეს, 29 ივნისს გაიხსნა. კონგრესს 40-ზე მეტი ევროპული ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს და რელევანტური ინსტიტუტის თავმჯდომარე და სხვა მაღალი რანგის დელეგატი ესწრება. კონგრესი გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, პირველად, მისი არსებობის ისტორიაში, აქვს განსაკუთრებული პრივილეგია, უმასპინძლოს ევროპის მრავალი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოებისა და რელევანტური ინსტიტუტების მოსამართლეებს, ასევე საერთაშორისო და ეროვნული კონსტიტუციური მართლმსაჯულების ორგანოთა წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. „აღნიშნული ფაქტი ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის ერთადერთ არაწევრ ქვეყნად აქცევს ბოლო 20 წლის განმავლობაში, რომელსაც პატივი ხვდა გამხდარიყო ამ უაღრესად პრესტიჟული, სრული ევროპული მასშტაბის გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანა. ყოველივე ეს, ეჭვგარეშეა, გამოხატავს ჩვენი ევროპელი კოლეგების დიდ ნდობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი, წარმოადგენს მისი საქმიანობის საერთაშორისო აღიარებას, ისევე როგორც ახდენს ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებების, საქართველოში დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფო სისტემის განვითარების ნათელ ილუსტრაციას” - აღნიშნა ზაზა თავაძემ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მისალმების შემდგომ სიტყვა გადასცა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს. კონფერენციაში მონაწილეობენ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, კონსტიტუციური მართლმსაჯულების რეგიონული და ლინგვისტური ჯგუფების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, საქართველოს საკონსტიტუციო სასმართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. კონფერენცია ოფიციალური მიღებით 28 ივნისს დაიწყო და იგი 1 ივლისს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ 2014 წლის მაისში 3 წლის ვადით ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლოდან გადმოიბარა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეობა. მიმდინარე კონგრესის პარალელურად გაიმართება ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეების შეხვედრა, სადაც მოხდება ახალი თავმჯდომარე ქვეყნის არჩევა. თავმჯდომარეობის პრეტედენტებს შორის არიან ჩეხეთისა და მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლოები.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციას მართავს  ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) მხარდაჭერით.