სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო ს. გ-ს კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 15 თებერვალს არსებითად განსახილველად მიიღო №864 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ს. გ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმებით განსაზღვრული წესი, რომელიც პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომელს ანიჭებს შესაძლებლობას, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებისათვის, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი ან უარი თქვას მის გამოცემაზე. შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული კანონმდებლობით და არ უნდა იყოს დამოკიდებული პოლიციის ცალკეული თანამშრომლის კეთილსინდისიერებაზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარი წესი მასში იწვევს დაუცველობისა და უმწეობის განცდას, ლახავს მის პატივსა და ღირსებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვის „შესაძლებელია“, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვის „შესაძლებელია“, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან მიმართებით, კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით