სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს მიწვევით კიევში, შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის რეგიონის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის სამუშაო შეხვედრას დაესწრო, რომელსაც 2017 წლის პირველი იანვრიდან ერთი წლის ვადით უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლო გაუწევს თავმჯდომარეობას.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოსა და ეუთოს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. აღნიშნული პროექტის მიზანია უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოში ახლადშემოღებული ინდივიდუალური კონსტიტუციური სარჩელის მექანიზმის ხელშეწყობა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ფიზიკურ პირებს პირდაპირი წესით მიმართონ სასამართლოს.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა ზაზა თავაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა გამოცდილება გაეზიარებინა უკრაინელი კოლეგებისთვის: „ინდივიდუალური სარჩელის ინსტიტუტი საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსების დღიდან, უკვე 20 წელია მოქმედებს. სარჩელების დაახლოებით 90% სწორედ ფიზიკური პირების მიერაა შემოტანილი. საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების და საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე აღნიშნულმა მექანიზმმა მნიშვნელოვანი განვითარება განიცადა ბოლო წლების განმავლობაში“- აღნიშნა ზაზა თავაძემ. მისივე თქმით, ინდივიდუალური კონსტიტუციურ სარჩელი მნიშვნელოვანი დაცვის მექანიზმია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად, რომელიც მოქალაქეებს ანიჭებს უფლებას მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს  ამ უფლებების დარღვევის შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის რეგიონის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის შექმნაზე მემორანდუმი გაფორმდა 2015 წლის 26 ოქტომბერს ვილნიუსში და მას შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებმა მოაწერეს ხელი.