სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 7 თებერვალს მიიღო განჩინება საქმეზე ა(ა)იპ „საქართველოს ბანკების ასოციაცია“ და ა(ა)იპ „საქართველოს ბიზნესის ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტის

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 7 თებერვალს არსებითად განსახილველად არ მიიღო N791კონსტიტუციური სარჩელი(ა(ა)იპ „საქართველოს ბანკების ასოციაცია“ და ა(ა)იპ „საქართველოს ბიზნესის ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

მოსარჩელე მოითხოვდა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 11 დეკემბრის საქართველოს კანონის (4625-Iს) პირველი მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლითაც გაუქმდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილი და, ცვლილებამდე არსებული სამართლებრივი მოწესრიგების აღდგენას. კერძოდ, უძრავ ქონებაზე არამართლზომიერი მფლობელობის აღკვეთის შესაძლებლობას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

მოსარჩელის მტკიცებით, უკანონო მფლობელობის აღკვეთის არასასამართლო მექანიზმის გაუქმებით უძრავი ნივთის კანონიერი მესაკუთრე ვეღარ ახერხებს ეფექტურად, მისი შეხედულებისამებრ, გამოიყენოს საკუთარი ქონება სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სადავო რეგულაცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასა და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტს.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შინაარსობრივი მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს არა ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონის ესა თუ ის ნორმა, არამედ ძირითადი (კოდიფიცირებული) კანონის იმ ნორმის მოქმედი რედაქცია, რომელიც ჩამოყალიბდა განხორციელებული ცვლილების შედეგად. ამ შემთხვევაში, სადავო ნორმით განხორციელებული ცვლილების შედეგად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილი აღარ არსებობს, მის ნაცვლად კანონის კოდიფიცირებულ ტექტსში არის ჩანაწერი - „ამოღებულია“, რომელიც არ ადგენს ქცევის ზოგად წესს და ვერ მოახდენს პირის უფლებებისა თუ თავისუფლებების შეზღუდვას. ამგვარი ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი კი არ წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას.

„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნიდან საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ,  სარჩელი არ იქნა წარმოებაში მიღებული.