სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს №1465 კონსტიტუციურ სარჩელს

2021 წლის 28 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა, საქმეზე „„შპს ჩემპიონები 111“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1465).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 201-20მუხლების შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენის ფორმით, ჩატარდება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. სასამართლოს დისტანციური სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა განსაზღვრავს, ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, პირისთვის საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს, გადასახადის განაკვეთს, საგადასახადო პერიოდსა და შესაბამისი გადასახადის გადახდის ვადას.

მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმის ცვლილებების შედეგად, ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, მოგების გადასახადის განაკვეთი გაიზარდა 5%-დან 7%-მდე, შეიცვალა დაბეგვრის ობიექტი და, ნაცვლად ერთობლივი შემოსავლისა, დაბეგვრას დაექვემდებარა ამ საქმიანობის მიხედვით ყოველი საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი, აგრეთვე შეიცვალა გადასახადის ადმინისტრირების წესი და გადასახადის გადამხდელს გადასახადის გადახდა დაევალა ყოველთვიურად. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმა ზიანს აყენებს გადასახადის გადამხდელს, ზრდის მასზე დაკისრებულ საგადასახადო ტვირთს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.