სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

2022 წლის 8 დეკემბერს 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ (№1684 კონსტიტუციური სარჩელი).

მოსარჩელის მიერ სადავოდაა გამხდარი C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ის ნორმა, რომელიც პროგრამით სარგებლობიდან გამორიცხავს საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებს, საქართველოში შრომითი ბინადრობის უფლების მქონე უცხოელებს, ლტოლვილის სტატუსის, ჰუმანიტარული სტატუსის და დროებითი დაცვის სტატუსის მქონე პირებს.

კონსტიტუციურ სარჩელის მიხედვით, C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს C ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, შესაბამისი სერვისებით სარგებლობა კი შეუძლია მხოლოდ ამ პროგრამით პირდაპირ განსაზღვრულ პირთა წრეს.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე, მუდმივი ცხოვრების უფლების და შრომითი ბინადრობის უფლების მქონე პირები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ყოფა-ცხოვრებაში, მის წინსვლასა და განვითარებაში. მათ აქვთ ისეთივე უფლებები და თავისუფლებები და აკისრიათ ისეთივე მოვალეობები, როგორიც საქართველოს მოქალაქეს. ასევე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელებს საქართველოს მოქალაქეების მსგავსად აქვთ დახმარების, პენსიისა და სხვაგვარი სოციალური უზრუნველყოფის უფლება. შესაბამისად, მათი გამორიცხვა C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა სიიდან წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანასწორობის უფლების დარღვევას.

საქართველოს სახალხო დამცველი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შუამდგომლობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე, ვინაიდან სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა ადამიანთა ჯანმრთელობას უქმნის რეალურ და გარდაუვალ საფრთხეს.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია

დავის საგანი: „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.