სიახლეები
„საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები N1602,1603)
2023 წლის 21 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები N1602 და N1603).
მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს ბლანკეტურად უკრძალავს ვიდეოპაემნის უფლებით სარგებლობას, ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაშეფარდებულ ბრალდებულს იმპერატიულად გამორიცხავს ხანგრძლივი პაემნისა და ვიდეოპაემნის უფლებით სარგებლობისგან. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურობის თანაზომიერების მოთხოვნებს და წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანასწორობისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებებთან.
N1602 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმის საფუძველზე, განსხვავებით დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულებისგან, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები ვერ სარგებლობენ ვიდეოპაემნის უფლებით, რაც იწვევს მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებას. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულთა მიმართ განსხვავებული, დიფერენცირებული მოპყრობა ხორციელდება მათი სამართლებრივი სტატუსით, კერძოდ, შესაბამისი კატეგორიის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის ნიშნით. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, დიფერენციაცია მაღალი ინტენსივობისაა, ვინაიდან სადავო ნორმა ბლანკეტურად უკრძალავს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს, ისარგებლოს ვიდეოპაემნის უფლებით. ეს უკანასკნელი კი, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულისთვის არის შესაძლებლობა, შეინარჩუნოს და განავითაროს ოჯახური ურთიერთობები, რაც ასევე მნიშვნელოვანია დამნაშავის რესოციალიზაციისა და მისი საზოგადებაში რეინტეგრაციის კუთხით.
№1603 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმის საფუძველზე, განსხვავებით მსჯავრდებული პირებისგან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაშეფარდებულ ბრალდებულთა იმპერატიულად გამორიცხვა ხანგრძლივი და ვიდეოპაემნით უფლებით სარგებლობისგან იწვევს მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებას. №1602 კონსტიტუციური სარჩელის მსგავსად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს უფლებაში ჩარევის აუცილებლობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს, შესაბამისად, მოითხოვს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი.
საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
დავის საგანი: პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-10 ნაწილისა და 171 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.