სიახლეები

„საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1633)

2023 წლის 22 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1633).

 

მოსარჩელისთვის პრობლემურია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის იმგვარი დისციპლინური სახდელის დაკისრება, რომელიც მას ბლანკეტურად უზღუდავს ოჯახის წევრებთან და გარესამყაროსთან კავშირის ქონის შესაძლებლობას.

მოსარჩელის განმარტებით, ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური უფლებით მოსარგებლე სუბიექტს წარმოადგენს არა მხოლოდ თავისუფლებააღკვეთილი პირი, არამედ ასევე მისი ოჯახის წევრი. პატიმრის მსგავსად, მისი ოჯახის წევრებიც ანალოგიურად სარგებლობენ კონსტიტუციური უფლებით, ურთიერთობა იქონიონ თავისუფლებააღკვეთილ ახლო ნათესავთან. ამიტომ, როდესაც ისჯება პატიმარი და მას ეზღუდება ოჯახთან კომუნიკაციის, თუნდაც მხოლოდ ერთი შესაძლებლობა, სასჯელის ზემოქმედება ასევე ნეგატიურად აისახება მისი ოჯახის წევრების უფლებაზეც.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე დადგენილი წესი ემსახურება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მართლწესრიგის განმტკიცებისა და დისციპლინური სახდელების დაბალანსების ლეგიტიმურ მიზნებს და არის ამ მიზნების მისაღწევად გამოსადეგი საშუალება. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს აუცილებლობის კონსტიტუციურ მოთხოვნას, რაც იწვევს უფლებაში არათანაზომიერ ჩარევას, შესაბამისად, სადავო ნორმა არღვევს პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციურ უფლებას. კერძოდ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, დააწესოს უფლების ნაკლებად მზღუდავი და უფრო ვიწრო ხასიათის ღონისძიებები, რომლებიც, ერთი მხრივ, მიმართული იქნება ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნული ღონისძიების ადრესატები იქნებიან უშუალოდ ის მსჯავრდებულები, ვისგანაც მომდინარეობს ობიექტურად არსებული საფრთხე.

მოსარჩელის მოსაზრებით, პატიმრის ოჯახთან ურთიერთობის სხვადასხვა შესაძლებლობის, თუნდაც ნაწილობრივი შეზღუდვა შეუძლებელია გამართლებული იქნეს მხოლოდ დისციპლინური სანქციის დაკისრებით, როდესაც პარალელურად არ არსებობს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მომეტებული ინტერესი. ასეთ პირობებში, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მხოლოდ დისციპლინური სანქციის დაკისრების საჭიროება, თუნდაც მძიმე დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, რომელსაც თან არ სდევს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მომეტებული საჯარო ინტერესი, ვერ გადაწონის ამ უფლებათა კონსტიტუციურსამართლებრივ მნიშვნელობას. ამრიგად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიუთითებს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული სახდელები ვერც ამ მხრივ აკმაყოფილებს პროპორციულობის მოთხოვნებს და საჭიროზე მეტად ზღუდავს პატიმრისა და მისი ოჯახის წევრთა კომუნიკაციის შესაძლებლობას.

ამგვარად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების მოთხოვნებს და არღვევს ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.