სიახლეები
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
2024 წლის 19 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ (N:1773 კონსტიტუციური სარჩელი).
განსახილველ საქმეზე სადავოდაა გამხდარი სოციალური პაკეტის მიღებაზე დაწესებული შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა.
მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოქმედი საკანონმდებლო რეგულირების პირობებში, ვეტერანის კერძო სექტორში დასაქმება არ იწვევს მისთვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის შეწყვეტას მაშინ, როდესაც საჯარო სექტორში დასაქმება წარმოადგენს აღნიშნული სუბსიდიის შეწყვეტის საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვეტერანთათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის შეწყვეტა საჯარო სამსახურში დასაქმების საფუძვლით დისკრიმინაციულია და იწვევს გაუმართლებელ უთანასწორო მოპყრობას არსებითად თანასწორ პირებს შორის.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
დავის საგანი: „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.