სიახლეები

„საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1630).

2024 წლის 6 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1630).

სადაო ნორმის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებად განისაზღვრება, ღიად ან კონსპირაციის წესების დაცვით, ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, პირის შესახებ ცნობების შეგროვება და მისი ვიზუალური კონტროლი იწვევს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევას, რისთვისაც აუცილებელია სასამართლო კონტროლის არსებობა. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე შესაძლებელია, სასამართლოს ბრძანების გარეშე, განხორციელდეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მსგავსი ღონისძიებები, რაც ვერ აკმაყოფილებს პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვის ფორმალურ კონსტიტუციურობას. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით ირღვევა მატერიალური კონსტიტუციურობის მოთხოვნებიც, ვინაიდან სასამართლო კონტროლის გარეშე ზემოაღნიშნული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება არათანაზომიერად იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული უფლების შეზღუდვას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.